აქტუალური
დავით საგანელიძე: „ხმას ამ მთავრობას აუცილებლად მივცემ!“

saganelidzeსაქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობა პარლამენტში დღეს, 14:00 საათიდან დაიწყება, დღის ბოლოს კი პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრის.

სამთავრობო პროგრამას პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგენს. მისი გამოსვლა კითხვა-პასუხით და დეპუტატების გამოსვლებით გაგრძელდება.

მთავრობას პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა მთელი შემადგენლობით დაუჭერს მხარს ამ მთავრობას.

„მე პირადად გამოვტყდები და ვიტყვი, რომ ხმას ნამდვილად მივცემ ამ მთავრობას და დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა მთელი შემადგენლობით. მთავარი არგუმენტი იმისა, რომ ხმას მივცემ, არის ის ერთი წელი, რომელიც მათ გაიარეს. და ის პროგრამა, რომელი პროგრამითაც ჩვენ ჯერ კიდევ შარშან წარვდექით საზოგადოების წინაშე და რომელ პროგრამასაც ვასრულებთ“, – აღნიშნა დავით საგანელიძემ.