საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ევროპაში სამუშაო ვიზიტებს მართავს. გუშინ მან შეხვედრა გამართა ეუთოს გენერალურ მდივან ლამბერტო ზანიერთან.
საუბრის ძირითადი თემა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები, წინასაარჩევნო გარემო, საქართველოში არსებული სააჩევნო კანონმდებლობა და კონკრეტულად არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევები გახლდათ.
შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები წინა წლებთან შედარებით თავისუფალ გარემოში ჩატარდა, თუმცა ის ნამდვილად არ იყო სამართლიანი.ნინო ბურჯანაძემ შეხვედრაზე დააყენა საკითხი სერიოზული ანალიზის აუცილებლობის შესახებ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, გაყალბების იმ ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ყველა რჩევნებზე გამოიყენება, რათა მომავალი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისათვის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და საარჩევნო გარემო რეალურად დემოკრატიული და სამართლიანი იყოს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის უმრავლესობამ ნამდვილად დაუჭირა მხარი “ქართული ოცნების” კანდიდატს, თუმცა არა იმ პროცენტული მონაცემებით, რომლებიც წინასწარ გამოაცხადა ხელისუფლებამ.
ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ის დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებით და ეუთო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მომავალი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები უფრო გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.