პუბლიკაციები
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის სრული ტექსტი (2013 წლის 20 ნოემბერი)

analitika-GEOსაქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი.
მოგესალმებით პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ,
მოგესალმებით პატივცემულო დეპუტატებო!
მივესალმები ყველას!
დღეს პარლამენტის წინაშე ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით. ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა გადავუხადო მადლობა, ადამიანს, რომელმაც ორი წლის წინ გვერდზე  გადადო ყოველივე პირადი და ურთულეს ვითარებაში, ქვეყნის გადასარჩენად ღირსეულად შემოაბიჯა ქართულ პოლიტიკაში. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოს  პოლიტიკურ ცხოვრებაში - არჩევნების გზით, მშვიდობიანად შეიცვალა ხელისუფლება და ქვეყანაში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. ბატონმა ბიძინამ სიტყვა შეასრულა - რეჟიმისაგან გაათავისუფლა საქართველო და ღირსეულად დატოვა პოლიტიკა. კოალიცია ,,ქართული ოცნების“ სახელით, მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ვუსურვო მას ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობა, რომლითაც იგი, დარწმუნებული ვარ, არანაკლებ სამსახურს გაუწევს  თავის სამშობლოს.

ბატონებო,

კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ“ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამომიცხადეს ნდობა და წარმადგინეს უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე - ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად. იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ძალიან დიდი პატივია და ამავე დროს უდიდესი  პასუხისმგებლობაა. მე, ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს დიდი ნდობა გავამართლო და თავდაუზოგავად ვემსახურო ჩემს ქვეყანას.

შარშან, 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში, და წელს, 27 ოქტომბერს პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილის არჩევით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კოალიცია ,,ქართულ ოცნებას“ და ქვეყანაში ძირეული ცვლილებების განხორციელებას.

გასული ერთი წლის განმავლობაში, ძალიან რთული პოლიტიკური ვითარების - კოჰაბიტაციის პირობებში, რომლის პრეცედენტიც ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია, ჩვენმა გუნდმა შეძლო მნიშვნელოვანი დაპირისპირებისა და ანგარიშსწორების თავიდან აცილება. ეს იყო ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნება და ჩვენ ამას მივაღწიეთ.

ამ ერთი წლის განმავლობაში კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ხალხთან ერთად  მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველო არის დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყანა და მისი ადგილი ცივილიზებული მსოფლიოს ქვეყნებს შორისაა.

ჩვენ ჩავატარეთ უპრეცედენტოდ მაღალი დემოკრატიული სტანდარტის არჩევნები და დავამტკიცეთ, რომ რეალურად გვინდა ევროპული ტიპის სახელმწიფოს აშენება. ჩვენთვის სასიხარულოა და ამავე დროს ძალიან საამაყო, რომ ამ არჩევნებს მაღალი შეფასება მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა და ქვეყანა მმართველობის ახალ მოდელზე გადავიდა. ჩვენს გუნდს კარგად აქვს გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ახალი მმართველობის პირობებში აღმასრულებელ ხელისუფლებას, მთავრობას ეკისრება.

პატივცემულო დეპუტატებო,

დღეს თქვენ წინაშე წარმოვადგენ მთავრობის ახალ პროგრამას, რომელიც ეფუძნება კოალიცია ,,ქართული ოცნების“ გაცხადებულ ღირებულებებსა და საარჩევნო პროგრამას. ახლავე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მთავრობის პროგრამა ითვალისწინებს კოალიციის 4-წლიან საარჩევნო ვადაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.

ჩვენი გუნდი, ჩვენი მთავრობა ამ ერთი წლის განმავლობაში მთლიანად ორიენტირებული იყო ქვეყანაში ახალი, დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრებაზე და ამისთვის უკვე დაწყებულია მნიშვნელოვანი რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით.

ჩვენი მთავრობის პოლიტიკა დაეფუძნება საქართველოს მოსახლეობის მიერ მკაფიოდ გამოხატულ ინტერესებს. მოქალაქეთა ჩართულობა სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვისა და რეალიზაციის პროცესის უმთავრესი საფუძველი იქნება.

2013 წლის 17 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც საქართველოს სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკიდან უპირატესად საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნის. თუმცა, ამ ახალ მოდელში ბევრი ისეთი ხარვეზი და ბუნდოვანი ნორმაა, რომელიც მოითხოვს გამოსწორებასა და გაუმჯობესებას, რათა ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ბალანსი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის. ამ მიზნით, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა უკვე შექმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც უნდა შეიმუშაოს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია.

ახალი კონსტიტუციით დადგინდება მმართველობის ისეთი მოდელი, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურობას, ხოლო, მეორე მხრივ, საკანონმდებლო ორგანოს და საზოგადოებას მისცემს რეალურ ბერკეტებს ხელისუფლების საქმიანობის ქმედითი და დროული კონტროლის განსახორციელებლად.

 

***

მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღება ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სამართლიანი და ეფექტიანი სასამართლოს დამკვიდრება ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანაა. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ გატარებული რეფორმის შედეგად, სასამართლო სისტემაში დაწყებულია დეპოლიტიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესი, სასამართლო გათავისუფლებულია ხელისუფლების წნეხისაგან და ეს უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, განსახორციელებელია მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებითაც გარანტირებული გახდება მოსამართლეების უფრო მეტი დამოუკიდებლობა.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ერთი წლის განმავლობაში უკვე განხორციელდა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ცვლილება.

მთავრობა განახორციელებს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმას და იგი აღარ იქნება სახელმწიფო რეკეტისა და ქონების გამოძალვის იარაღი. დაზარალებულის უფლებები იქნება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მოთხოვნების შესაბამისი.

დაიხვეწება სისხლის სამართლის კოდექსი; შემუშავდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის პარალელურად, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა რესოციალიზაციის პოლიტიკის განხორციელება.

 

***

მთავრობა იმუშავებს იმისათვის, რომ ამაღლდეს პროკურატურისადმი საზოგადოების ნდობა. პროკურატურის ფუნქცია იქნება საზოგადოების დაცვა დანაშაულისაგან, ბრალდებულისა და მსჯავრდებულის, აგრეთვე დაზარალებულის კანონიერი უფლებების დაცვა და საგამოძიებო ორგანოების მართლზომიერი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მათი საქმიანობის ზედამხედველობით.

 

გაგრძელდება პროკურატურის დეპოლიტიზაციის პროცესი. ამ მხრივ უკვე გადაიდგა ნაბიჯები და პროკურატურა ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სამართალდაცვის ორგანოდ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში.

2012 წლის ნოემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და ჩამოყალიბდა ორგანიზაციად, რომელიც ხალხის სამსახურში დგას. მისი ძირითადი მიზანი იქნება მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა. სამინისტრო გააგრძელებს  დეპოლიტიზების აღებულ კურსს.  პოლიცია თავის საქმიანობას წარმართავს კანონის, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვით.

პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობის გაზრდა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი  პრიორიტეტი იქნება.

გაიზრდება საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის შესაძლებლობები; აშენდება და ექსპლუატაციაში შევა პოლიციის, მათ შორის, საპატრულო პოლიციის ახალი შენობები; საპატრულო პოლიცია აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით; გაუმჯობესდება კრიმინალისტიკური ექსპერტიზის შესაძლებლობები.

გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების დროებითი მოთავსების იზოლატორები, მოხდება არსებული იზოლატორების რეაბილიტაცია და განახლდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის,   საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.  ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი იქნება ნარკოტიკულ საშუალებათა არალეგალური ბრუნვის შემცირება. გაძლიერდება ბრძოლა ტრეფიკინგის წინააღმდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ამოქმედდება მიგრაციის სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტების გამოვლენისა და გაძევებისათვის.  აშენდება და 2014 წლის ივნისში ექსპლუატაციაში შევა არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი, სადაც გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტები.

დაცული იქნება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებები.   ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად მიუახლოვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებების საცხოვრებელი ფართობი, კვების რაციონი, სამედიცინო პროგრამები, ჰიგიენური პირობები და პატიმართა მიმართ მოპყრობა.

სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ფარგლებში, 2014 წელს თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელის სახით, ამოქმედდება თავისუფლების შეზღუდვა. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, თავისუფლებაშეზღუდულ პირთა დასაქმების პარალელურად,  ძირითადი პრიორიტეტი  იქნება მათი რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და პროფესიული სწავლება. დაცული იქნება მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რელიგიური უფლებები, ასევე ეთნიკური უმცირესობების უფლებები.

 

***

შეიქმნება საჯარო სამსახურის ისეთი მოდელი, რომლის   ამოქმედების შედეგად საჯარო მოხელის  დასაქმება  და  გათავისუფლება  დამოკიდებული  არ   იქნება  პოლიტიკაზე. ხელისუფლების შეცვლა აღარ გამოიწვევს საჯარო სამსახურიდან კადრების დათხოვნას. კანონით ზუსტად განისაზღვრება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები. დონორთა დახმარებით უკვე მუშავდება საჯარო სამსახურის კონცეფცია, რომელიც საფუძვლად დაედება ახალ კანონს საჯარო სამსახურის შესახებ.

მთავრობის პრიორიტეტი იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება, მათ შორის, ყველა უმცირესობის დაცვის კუთხით. მთავრობა დაამტკიცებს ადამიანის უფლებათა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას.

გაგრძელდება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების აქტიურად ჩართვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ხელი შეეწყობა  სახელმწიფო ენის შესწავლის პროცესს – ყველა მსურველს მიეცემა სახელმწიფო ენის შესწ