პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობა: „ამ მთავრობას მხარს ვერ დავუჭერთ“

1-umciresoba-poo-3საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობა სამთავრობო პროგრამის მხარდაჭერას და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს. უმცირესობის წარმომადგენლებს საამისოდ თავიანთი არგუმენტები აქვთ.

 

„ერთი წლის განმავლობაში ამ მთავრობამ დაატკიცა, რომ სრულიად უუნაროა, მოახერხა ასობით მილიონიანი გარღვევის მიღწევა ბიუჯეტში, მოახერხა ის, რომ იზრდება უმუშევრობა, მოახერხა ის, რომ ეკონომიკის სრული სტაგნაციაა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ჩვენ ვხედავთ სრულიად უუნარო, უსუსურ პოლიტიკას იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს თავის აგრესიას, ოკუპაციის ხაზის გადმოწევას“, - აღნიშნა უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა.

„ეს არის მთავრობა, რომელმაც ყველა მიმართულებით გააუარესა მდგომარეობა, შესაბამისად, ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ, მაგრამ შეკითხვები გვექნება, გვაინტერესებს, ამ ერთი წლის განავლობაში რას ფიქრობენ მინისტრები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავეს“, - განაცხადა უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა.

„იმ ეკონომიკურ გუნდს, რომელმაც 700 მლნ-იან გარღვევამდე მიიყვანა ბიუჯეტი, რომელმაც ეკონომიკური კლება მოიტანა ქვეყანაში, სამუშაო ადგილები შეამცირა, რომელმაც ინვესტორები კი არ მოიზიდა, პირიქით - დავკარგეთ ინვესტორები ამ წლის მანძილზე, მე მართლა ვერ დავუჭერ მხარს! ფინანსთა მინისტრი 2 თვის წინ გვეუბნებოდა, რომ არანაირი პრობლემა ბიუჯეტს არა აქვს და ახლა აღიარა, რომ თურმე დანაკლისი შემოსავლების თვალსაზრისით ბიუჯეტს აქვს. ამიტომ ძალიან ცალსახაა, რომ ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ არაპროფესიონალიზმს“, - აღნიშნა უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ.