პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ურთიერთობა დავალაგოთ რუსეთთან“

1-paata-pol-2საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მინისტრობის კანდიდატები კომიტეტებში დეპუტატებს ხვდებიან, საპარლამენტო უმრავლესობა ძირითად აქცენტს სამთავრობო პროგრამაზე აკეთებს და აცხადებს, რომ მთავრობის ამ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს. ასევე ლაპარაკობენ იმაზე, რომ ძირითადი საკითხები საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებებში იგივე რჩება, რაც ერთი წლის წინ.

„დღეს მოგვეცემა შესაძლებლობა, ვისაუბროთ თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებულ ძალებში ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროქტებზე, ასევე იმაზე, თუ რას ვაკეთებთ თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის კუთხით, ვისაუბრებთ იმაზე, რა რეფორმა ჩატარდა ნატოსთან თავსებადობის კუთხით, ალბათ ვერ ავცდებით საერთაშორისო ოპერაციებს, ავღანეთს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ალასანიამ.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ურთიერთობები დავალაგოთ რუსეთთან და რუსეთი გამოვრიცხოთ, როგორც აგრესიული მხარე, ჩვენი პოლიტიკა იყოს იმდენად გაწონასწორებული, რომ რუსეთს არ მივცეთ საშუალება, არგუმენტები ჰქონდეს საქართველოს წინააღმდეგ. განვახორციელოთ ევროინტეგრაციისკენ მიმართული ნაბიჯები და ევროპის საშუალებით ვიზრუნოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე“, - აღნიშნა რეინტეგრაციის მინისტრის მოვალეობის შესრულებელმა პაატა ზაქარეიშვილმა სხდომის დაწყების წინ.