სამხედრო მზვერავები იუბილეს წელს ოფიციალურად პირველად აღნიშნავენ. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ბრძანებით, 18 ნოემბერი სამხედრო დაზვერვის დღედ დაწესდა. 1991 წლის ამ დღეს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შეიქმნა და ფუნქციონირება დაიწყო შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის სადაზვერვო სამმართველომ.
მზვერავებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. პირად შემადგენლობასთან ერთად იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ და მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნეს.
საქართველოში სამხედრო სადაზვერვო სამსახურის შექმნის მოკლე ისტორიის შესახებ J-2 დაზვერვის დეპარტამენტის მასტერ-სერჟანტმა ალექსანდრე ლაგურაშვილმა ისაუბრა.
სადაზვერვო ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.
იუბილესთან დაკავშირებით სამხედრო სადაზვერვო ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელი ტაქტიკური სწავლება მეოთხე მექანიზებულ ბრიგადაში გამართეს. მოგვიანებით კი ბრიგადაში სამხედროების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.