აქტუალური
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

1-ak-perepisსაქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ სამუშოების ფარგლებში დედაქალაქში არსებული შენობებისა და მათში ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახების სიები შედგება. „ეს არის მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელსაც საქსტატის მიერ სპეციალურად მომზადებული 800 რეგისტრატორი 14 დღის განმავლობაში ჩაატარებს, - განაცხადა დავით ნარმანიამ, - მინდა ვთხოვო თბილისელებს, ითანამშრომლონ საქსტატის წარმომადგენლებთან, იმისვის, რომ ზუსტი ინფორმაციის მიღება შევძლოთ. ეს ინფორმაცია შემდეგ დატანილ უნდა იქნს გეოინფორმაციულ რუკზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო დოკუმენტი იქნება.“

საქსტატის თანამშრომლები, რომლებიც თბილისში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებენ, სპეციალური კეპებითა და ბეიჯებით იქნებიან უზრუნველყოფილი. „ისინი მხოლოდ ორ კითხვას დასვამენ, - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ ცეკვავამ, - რამდენი ადამიანი ცხოვრობს მუდმივად კონკრეტულ მისამართზე და ოჯახის უფროსის სახელი და გვარი“.

საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ფარგლებში, აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა აჭარაში, გურიასა და კახეთში. ოჯახების სიების შედგენა მთელი საქართველოს მასშტაბით 2014 წლის მაისისთვის დასრულდება.