„ახლა დამთავრდა უმრავლესობის სხდომა და მინდა სხდომის შესახებ მოგახსენოთ. უმრავლესობამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბატონ პრეზიდენტს წარვუდგინოთ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა.
მე ეს დოკუმენტი მინდა წარმოგიდგინოთ, რაზეც ახლა მოვაწერე ხელი და გადაეცემა თქვენი ნებართვით და კანონის მეოთხე პრიმა მუხლის გათვალისწინებით ბატონ პრეზიდენტს.
ბატონი პრეზიდენტის თანხობის შემთხვევაში, დღეს საღამოს ქუთაისში ჩატარდება პარლამენტის ბიუროს სხდომა. ბიურო უკვე განსაზღვრავს ხვალინდელი დღის წესრიგს კომიტეტებში და ფრაქციებში. მთავრობის შემადგენლობას წარმოადგენს უკვე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩვენ ვგეგმავთ, რომ ოთხშაბათს უკვე პარლამენტის სასესიო სხდომაზე გვქონდეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის გუნდთან. შესაბამისად, ოთხშაბათს პარლამენტის მიერ დამტკიცებული იქნება საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და მისი ხელმძღვანელი“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.
17 საათზე „ქართული ოცნების“ ოფისში დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი, სადაც მომავალმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ახალი შემადგენლობა უცვლელად წარადგინა.
„ამ ერთი წლის განმავლობაში მთავრობა იქცა ქმედით გუნდად, რომელმაც კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, ერთი წელი ვიყავი ამ გუნდის წევრი და ისინი მუშაობაში მყავს გამოცდილი. მთავრობის თითოეულმა წევრმა, თითოეულმა მინისტრმა თავდადებით იმუშავა 24-საათიან რეჟიმში და აქამდე მოვიდა მნიშვნელოვანი შეცდომებისა და გადაცდომების გარეშე.
როგორც ბატონი ბიძინა ბრძანებს, ეს არის ნამდვილად ევროპული გუნდი. ჩვენმა მინისტრებმა 1 წლის განმავლობაში დაამტკიცეს, რომ მზად არიან ემსახურონ ხალხსა და ქვეყანას. სწორედ ამიტომ მე უცვლელად გთავაზობთ მთავრობის მთელ შემადგენლობას. უკლებლივ ყველა მინისტრი გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.