ირაკლი ღარიბაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან და აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდა. მხარეებმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ამ მიმართულებით უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია.
ჯეიმს აპატურაიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მზაობა, განაგრძოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.
აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის დელეგაციასთან. მხარეებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსადმი გაწეული დიდი დახმარებისთვის და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.