გიორგი მარგველაშვილმა პირველი შეხვედრა ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან გამართა
საქართველო, 18 ნოემბერი,
საქინფორმი. შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ვილნიუსის
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებულ საკითხებს და მის მნიშვნელობას, დადასტურდა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებისთვის მზაობა.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და მინდა მივულოცო მას პირველი დღე პრეზიდენტის რანგში. ჩემთვის პირადად და ლიტვისთვის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნისთვის, სასიხარულო და აღსანიშნავია საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილება, რაც მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით, განსაკუთრებით ვილნიუსის სამიტის წინა პერიოდში. მე კიდევ ერთხელ ვიწვევ საქართველოს პრეზიდენტს ვილნიუსში. ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმისა და ასოცირების შეთანხმების ინიცირებისთვის. მთელი პასუხისმგებლობა დღეიდან არის ამ ადამიანზე, რათა მოამზადოს თქვენი ქვეყანა შეთანხმების ხელმოწერისთვის. კიდევ ბევრი რეფორმაა გასატარებელი და პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო წარმატებული იყოს ამ პროცესში. ვუსურვებ თქვენს ქვეყანას, რომ მიაღწიოთ ამ მიზანს. ჩვენ, როგორც ყოველთვის, დავეხმარებით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. გელით ვილნიუსში“, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.