პუბლიკაციები
რიჩარდ ნორლანდი: „ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც რუსები – ქართველებს, და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ!“

1-norlandi_1საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც მანამდე რუსები – ქართველებს, და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობას, ეს არის ხანგრძლივ პერსპექტივაში განსახილველი თემა და აქ სწრაფი გადაჭრა, როგორც ასეთი, არ არსებობს… როდესაც 20 წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი ეუთოს წინამორბედი ორგანიზაციის ეგიდით, თქვენი დინამიკა მაშინ მაგონებდა ისეთ ვითარებას, რომ ქართველები ეპყრობოდნენ ეთნიკურ უმცირესობებს დაახლოებით ისე, როგორც რუსები ეპყრობოდნენ მანამდე თავად ქართველებს. აფხაზებს და ოსებს ჰქონდათ იმის საფუძველი, რომ თავი ეგრძნოთ უმცირესობად საქართველოში. იმ პროცესში, როდესაც საქართველო ცდილობს, მიმზიდველი გახადოს თავისი  თავი ამ რეგიონებისთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ალბათ, მოუწევს ისიც, რომ მოახდინოს გადაფასება, აღიაროს და მოიხადოს ბოდიში წარსულის შეცდომებისთვის. განტოლების მეორე მხარე არის ის, რომ უფრო წარმატებულად უნდა მოხდეს რუსეთთან ურთიერთობის მართვა”, – განაცხადა ნორლანდმა.