არაბულმა “რაკიამ“ 2011 წელს ფოთის პორტის შესაძლო გაყიდვის თაობაზე საკუთარი გეგმები საჯარო გახადა. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჰაატერ მასადიმ განაცხადა, კომპანია პორტის აქციების საერთაშორისო ბირჟებზე გატანას გეგმავს. აღნიშნულის მიზეზად, ინვესტორი პორტის არასტრატეგიულობას ასახელებს.
ამის შესახებ საქინფორმმა რამდენიმე კვირის წინათ დაწერა, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ უარყო. დღეს კი აღნიშნულ ინფომაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიც, ვერა ქობალიაც ადასტურებს. მინისტრის თქმით, ფოთის პორტი ძალიან მომგებიანი იყო და ინვესტორმა დიდი შემოსავალიც მიიღო, ამიტომ მისთვის გაუგებარია „რაკიას“ გადაწყვეტილება. ქობალიამ ასევე განაცხადა, რომ ფოთის პორტს ერთმანეთზე „გამოცდილი“ ინვესტორები ეშურებიან. არაბების შემდეგ საქართველოს საზღვაო კარიბჭე, შესაძლოა, „გამოცდილმა“ ინდოელებმა ან ჩინელებმა გააკონტროლონ.
შეგახსენებთ, რომ არაბულ „რაკიინ ინვესტმენტს“ ფოთის პორტის 51%-იანი წილი 49-წლიანი მართვის უფლებით, 2008 წლის აპრილში გადაეცა. მოგვიანებით კომპანიამ აქციათა 49%-იც შეისყიდა. „რაკიას“ ფოთის პორტი გარკვეული ვალდებულებებით გადაეცა. მათ შორის, ერთ-ერთი ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობას ითვალისწინებდა, რომელიც აქამდე არ გახსნილა და დიდი ალბათობით არც გაიხსნება.