რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “მთავარი სუბიექტი, რომელიც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებით კმაყოფილი დარჩა - USA” - საქინფორმის მთავარი რედაქტორის ინტერვიუ აზერბაიჯანულ გაზეთ “Каспiй”

1-azerb-gazetaსაქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის უძველესმა გაზეთმა Каспiй” (1881 წლიდან გამოიცემა, რის გამოც მას სამი ასწლეულის გაზეთს უწოდებენ) გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინტერვიუ საქინფორმის მთავარ რედაქტორთან, პოლიტოლოგ არნო ხიდირბეგიშვილთან “რისთვის უნდა ვიკითხოთ სახარება მგლის თავზე?”, რომელსაც მკითხველს ქვემოთ ვთავაზობთ.

- როგორ აფასებთ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში? გამარჯვებულის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ეს არჩევნები დარღვევებით ჩატარდა.

- 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა მასში მონაწილე 23-ვე კანდიდატი დააკმაყოფილა. გ. მარგველაშვილი “ქართული ოცნებიდან”, რომელმაც, უდავოდ, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა მიიღო, კმაყოფილია, იმიტომ რომ გაიმარჯვა და პრეზიდენტი გახდა. დ. ბაქრაძე - იმიტომ, რომ მეორედ ოფიციალურად დაარეგისტრირა ექს-მმართველი პარტია “ნაციონალური მოძრაობა” როგორც მეორე პოლიტიკური ძალა საქართველოში (პირველად ეს ერთი წლის წინ - 2012 წლის 1 ოქტომბერ, საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა). ყველა დანარჩენ კანდიდატს თავისი მიზნები ჰქონდა: სტაჟიანმა პოლიტიკოსებმა “ლამაზად, უთანასწრო ბრძოლაში” გააფორმეს პოლიტიკიდან წასვლა (ეს ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა აღიარა - დავითაშვილმა); ახალი სახეები კი უფრო ცნობადები გახდნენ და შემდგომში თავიანთ ელექტორატს - თუნდაც ძალზე მცირერიცხოვანი მომხრეების ხმებს - ძლიერ პოლიტიკურ სუბიექტებს შესთავაზებენ, შექმნიან რა მათთან ალიანსებს და თუ ბედი გაუღიმებთ, პარლამენტარების მანდატებს ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში საშუალო დონის თანამდებობებს გამოსთხოვენ.

რაც შეეხება ნ. ბურჯანაძეს - ის კმაყოფილი უნდა იყოს, რომ ასეთი დაბალი პროცენტი - 10,18% მიიღო. მას რომ მეტი მიეღო, მაგრამ ბაქრაძეზე თუნდაც ერთი პროცენტით ნაკლები (ანუ 20,73%), გამოვიდოდა, რომ მან სამართლიანად წააგო არჩევნები, ნაციონალებთან პატიოსან ბრძოლაში. ასე კი ყოველთვის შეუძლია ილაპარაკოს უსამართლობასა და დარღვევებზე, თუმცა საეჭვოა, ეს გააკეთოს.

ნინო ბუნებით - კონფლიქტური პიროვნება არ არის, ის არ არის რევოლუციონერი და, ხასიათის სიმტკიცის მიუხედავად, ყოველთვის წესიერების ფარულ ჩარჩოებში რჩება, რომელთა შესახებ საქართველოში ბევრმა უკვე დაივიწყა, ხოლო ისეთები, როგორიცაა მ. სააკაშვილი, თავიდანვე არ აღიარებდნენ. გაიხსენეთ, ყველაზე კრიტიკულ მომენტში - 2011 წლის 26 მაისის ღამეს, როდესაც ბურჯანაძის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბიეს, ხოლო თვითონ ოჯახს - ქმარს და ვაჟიშვილებს მოსწყვიტეს, მაშინაც კი არცერთი უცენზურო სიტყვა არ წამოცდენია, არ მივარდნილა სპეცრაზმელებს თვალების გამოსაჩიჩქნად და მთელი მისი აღშფოთება წმინდა ქართულ, მე ვიტყოდი, ლიტერატურულ ენაზე მრისხანე ფრაზებში გადმოიღვარა!

ივანიშვილმაც, მარგველაშვილმაც და ღარიბაშვილმაც ეს იციან, ამიტომ არასდროს მისცემდნენ თავს უფლებას, ბურჯანაძის მიმართ თუნდაც ერთი მკვახე სიტყვა ეთქვათ - ისინიც ქართულ ოჯახებში აღიზარდნენ, სადაც წესიერების ნორმებს იცავენ. მეტსაც გეტყვით, ივანიშვილმა არჩევნების შემდეგ საჯაროდ გადაუხადა მადლობა ბურჯანაძეს და თქვა, რომ მის მონაწილეობას აფასებს. ამიტომ ბურჯანაძეც არ აძლევს თავს მკვეთრი გამოხტომების უფლებას ივანიშვილის და მარგველაშვილის წინააღმდეგ, რომლებსაც პატივს სცემს, ისევე როგორც ღარიბაშვილს, რომელსაც ბურჯანაძემ გულწრფელად მიულოცა გაპრემიერება.

- დიახ, ყველამ დაინახა, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არჩევნებმა სტრესების, ექსცესების და”კარუსელების” გარეშე ჩაიარა, მაგრამ დარღვევები ხომ იყო? საუბრის დასაწყისშივე თქვენ ერთი  ფრაზა წარმოთქვით: “მარგველაშვილმა, უდავოდ, უმრავლესობა მიიღო”. და სადავო რა არის, თქვენი აზრით?

- ინებეთ. ამომრჩევლების საერთო რაოდენობა - 3 465 736 ადამიანია (ოფიციალური მონაცემებით, თუმცა რეალურად ისინი დაახლოებით 2 მილიონი არიან). არჩევნებში პრეზიდენტობის 23 კანდიდატი მონაწილეობდა, რომელთაგან თითოეულმა 26 530 მხარდამჭერის ხელმოწერების სია წარმოადგინა (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75%), ანუ, ჯამში - 610 190 ადამიანის ხელმოწერა (თუ ჩავთვლით, რომ თითოეული პატიოსნად მხოლოდ ერთხელ აწერდა ხელს - მხოლოდ თავისი ფავორიტისთვის), მათგან - 106 120 ხელმოწერა მარგველაშვილის, ბაქრაძის, ბურჯანაძის და ნათელაშვილის მხარდამჭერებისაა, 504 070 კი - დანარჩენი 19 კანდიდატის.

არჩევნებში ოფიციალურად მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 46,9%-მა, რაც 1 625 430 ადამიანს შეადგენს. პირველმა 4-მა კანდიდატმა, რომლებმაც შედარებით მაღალი პროცენტები მიიღეს (მარგველაშვილი, ბაქრაძე, ბურჯანაძე, ნათელაშვილი) უბნებზე მისული ამომრჩევლების ხმათა 96,9% მიიღეს, რაც 1 531 104 ადამიანს შეადგენს. დანარჩენმა 19-მა კანდიდატმა, ამგვარად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ხმათა 3,1% აიღო, რაც 50 388 ადამიანს შეადგენს.

მაშ, რა გამოდის?! თუ 19 კანდიდატის 504 070-ვე მხარდამჭერი მივიდა და ხმა ერთხელ, თავის ფავორიტს მისცა (იმის თანახმად, როგორც ადრე აწერდნენ ხელს სიებს, რათა ისინი რეგისტრაციაში გაეტარებინათ ცესკოში, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატები), მაშინ ეს უკვე არა 3,1% (50 388 ადამიანი), არამედ 32,9%-ია. და თუკი ზემოხსენებულმა 4-მა კანდიდატმა, ოფიციალური მონაცემებით, ერთობლივად ხმების 96,9% აიღეს, თუ ამას დანარჩენი 19-ის 32,9%-ს მივუმატებს, ჯამში 129, 8%-ს მივიღებთ, რაც ბუნებაში არ არსებობს.

- მაგრამ ხომ შესაძლებელია, რომ იმ დანარჩენი 19 კანდიდატის ბევრი მხარდაჭერი იმ დღეს არჩევნებზე არ მისულა? მაგალითად, მუცელი ასტკივდათ, ან თავიანთ ფავორიტს უღალატეს და თქვენ მიერ ხსენებული “ოთხეულიდან” ერთ-ერთს - მარგველაშვილს, ბაქრაძეს, ბურჯანაძეს ან ნათელაშვილს მისცეს ხმა?

- პრინციპში, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ზედმეტმა 29,8%-მა მთლიანად და ერთდროულად?! მაშინ გამოდის, რომ ყველა დანარჩენი 19 კანდიდატის მომხრეთა ზუსტად 90%-მა (29,8% 32,9%-დან - 90%-ია) ან თავიანთ რჩეულებს უღალატეს, ანდა იმ დღეს საქართველოში ფაღარათის მასობრივმა ეპიდემიამ იფეთქა...

ხოლო თუ ვივარაუდებთ, რომ ზედმეტი 29,8% იქიდან გაჩნდა, რომ ეს მხარდამჭერები ერთდროულად კანდიდატების რამდენიმე სიაში აწერდნენ ხელს და, ამგვარად, დანარჩენი 19 კანდიდატის მომხრე რეალურად იყო არა 504 070, არამედ ბევრად ნაკლები (“საერთო” მხარდამჭერების გათვალისწინებით, რაც შესაძლოა მომხდარიყო გარიგებითაც და შემთხვევითაც), მაშინ ცესკომ დარღვევა დაუშვა, რადგან ვალდებული იყო პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის დროს ყველა 23 კანდიდატის სიები გამეორებული გვარების არსებობაზე შეემოწმებინა, დასამუშავებლად წინასწარ კომპიუტერში შეეტანა და მხოლოდ შემდეგ ეღიარებინა ისინი პრეზიდენტობის კანონიერ კანდიდატებად!

- მაგრამ ამ “სახალისო არითმეტიკის” გამო ხომ შეიძლება ევროპელმა დამკვირვებლებმა, რომლებმაც ორი თვის შემდეგ უნდა წარმოადგინონ თავიანთი საბოლოო ანგარიში საქართველოში არჩევნების ჩატარების თაობაზე, არჩევნები არასამრთლიანად ცნონ?

- არა, არჩევნების საბოლოო შედეგზე ეს არ იმოქმედებს. ცესკოს ეს სამუშაო არჩევნებამდე უნდა ჩაეტარებინა და ბიძინა ივანიშვილის კანდიდატისთვის „დათვური სამსახური“ არ გაეწია. ცესკოს მხრიდან „დათვური სამსახური“ იყო აგრეთვე არჩევნების ჩატარება უზომოდ გაბერილი სიებით, რის შედეგადაც ივანიშვილს მოუხდა კონსტატირება, რომ მისი მოწოდებების მიუხედავად, ამომრჩეველთა 53% არჩევნებზე არ მივიდა. ყველაფერი, რაც ახლა ვთქვი - კეთილი რჩევაა ივანიშვილის გუნდს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მომავლისთვის, მათ შორის - 2014 წლის მაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ამ თვალსაზრისით ძალზე სასიხარულოა, რომ ამ დღეებში საქართველოში, ბოლოს და ბოლოს, მოსახლეობის აღწერა იწყება.

ჰო, დამავიწყდა მეხსენებინა მთავარი სუბიექტი, რომელიც საქართველოში არჩევნებით კმაყოფილი დარჩა.

- ეს ისედაც ცხადია - ბიძინა ივანიშვილი.

- ცდებით. ეს - ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელმაც ივანიშვილის დახმარებით ბოლოს და ბოლოს შექმნა საქართველოში ამერიკულის მსგავსი ორპარტიული პოლიტიკური სისტემა. იქ - რესპუბლიკელები და დემოკრატები, აქ - “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. ეს ორსუბიექტიანი სისტემა მესამე სუბიექტის არსებობას არ ითვალისწინებს, ამიტომ ბურჯანაძისთვის, მისი საგარეო პოლიტიკური განზრახვები ნაკლებად “ჩრდილოურიც” რომ ყოფილიყო, ამ “ბედნიერ” სურათში ადგილი არ მოიძებნებოდა. ასე კი მას “მესამე ძალის” - არასაპარლამენტო, ე.წ. ქუჩის ოპოზიციის ნიშა დარჩა. როგორ მოახდენს მის რეალიზებას - მხოლოდ თავად მასზეა დამოკიდებული.

- მოსალოდნელია თუ არა პოზიტიური ცვლილებები საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ?

- ბიძინა ივანიშვილი - მიხეილ სააკაშვილი არ არის. მას არ შეუძლია თავისი პოლიტიკური ოპონენტების ან უბრალოდ სხვაგვარად მოაზროვნეთა ცემა, დახოცვა და წამება, ბიზნესმენების დარეკეტება, როგორც ამას სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან აკეთებდა. როგორც კი მარგველაშვილმა თავისი მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი წარმოთქვა: “27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია დამთავრდება!” - მაშინვე ვთქვი, კოჰაბიტაცია კი დამთავრდება, მაგრამ თანამშრომლობა დაიწყება. დიახ, ბიძინა გრიგოლის ძეს სჯერა, რომ შეძლებს “ჭეშმარიტ რწმენაზე” მოაქციოს ნაციონალები, რომლებიც „მთლად უიმედონი“ არ არიან - “ნაცმოძრაობის” ე.წ. კონსტრუქციული ნაწილი, რომელიც თითქოს ჩუმ-ჩუმად გამოეყო სააკაშვილს. არ ვიცი, დრო გვიჩვენებს... თუმცა “მგლის თავზე სახარების კითხვა” - ფრიად საეჭვო პროექტია.

- თქვენი აზრით, როგორ ჩამოყალიბდება საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა ახალი ხელისუფლების ხელში - გააგრძელებს თუ არა საქართველო ევროპაში ინტეგრაციის, ნატოსთან თანამშრომლობის პროცესს?

- ნებისმიერმა პოლიტიკოსმა ან პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც შემდგომში საქართველოში არჩევნებზე გამარჯვება სურს, გათვლა ელექტორატის იმ 53%-ზე უნდა გააკეთოს, რომელიც, ოფიციალური მონაცემებით, ახლანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე არ მივიდა. ეს კი უკლებლივ - საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ კურსზე უარის თქმის და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სრული მოცულობით მოგვარების მომხრეები არიან. ამ 53%-ს უნდა დავუმატოთ ბურჯანაძის 10,18% (რეალურად გაცილებით მეტი), რაც ჯამში საქართველოს ამომრჩევლების 63,18%-ს შეადგენს, რომლებიც რუსეთთან ფართო და ღია პარტნიორობას უჭერენ მხარს.

დიახ, საქართველო აგრძელებს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს, ნატოსთან თანამშრომლობას და ეს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემებთან ერთად, მთავარი შებრკოლების ლოდი იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარებაში, რომელიც ახალი ხელისუფლების დროს კულუტურული და სავაჭრო კავშირებით, ასევე, რუსეთის ფედერაციის მიერ სავიზო რეჟიმის გამარტივებით (უფრო - სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის შემდეგ) შემოიფარგლება. იქ არსებობს ეგრეთ წოდებული წითელი ხაზები, რომლებსაც რუსეთი არ გადააბიჯებს და საეჭვოა, მისი გადაბიჯება საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეძლოს - ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ახლანდელი სტატუსი, თუმცა რიტორიკა ორი ქვეყნის მიმართ შეიცვლება, უკვე შეიცვალა.

- ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ლაპარაკობდნენ აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაციებაზე, კერძოდ, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტთან დაკავშირებით. როგორ მიგაჩნიათ, რა მიმართულებით განვითარდება ურთიერთობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის?

- ახალი ხელისუფლების დროს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს მხოლოდ ერთი რამ ემუქრება - მისი წარმატებული განხორციელება. როდის? - ეს უკვე წმინდად ფინანსური დ ტექნიკური საკითხია. ტრადიციული ძმური ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობა წუთით რომც დავივიწყოთ, აზერბაიჯანი საქართველოსთვის - ენერგომატარებლების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წყაროა და ამ ფაქტორს საქართველოს ახალი ხელისუფლება დარტყმის ქვეშ არ დააყენებს, როგორც, ამავე დროს, კეთილმეზობლურ ურთიერთობას პროექტის მესამე მონაწილესთან - თურქეთთან, ნატოს წევრ ქვეყანასთან. სხვაგვარად საქართველოს მოუწევს უპირატესობა მიანიჭოს მისთვის ერთადერთ რეალურ ალტერნატიულ გაზის წყაროს - რუსეთს, რასაც საქართველოს ახალი, ამერიკაზე და ნატოზე ორიენტირებული ხელისუფლება არ გააკეთებს.

- როგორ განვითარდება ქართულ-სომხური ურთიერთობა და რა როლი ენიჭება ამაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სომხებს?

- ქართულ-სომხურ, ისევე როგორც ქართულ-აზერბაიჯანულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს არაფერი ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ სომხებით კომპაქტურად დასახლებული  სამცხე-ჯავახეთი წინა ხელისუფლების ადგილ-მამულად ითვლებოდა (საიდანაც არის წარმოშობით"ნაცმოძრაობის" გენერალური მდივანი, დღეს სამართალში მიცემული საქართველოს ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი), 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე რეგიონმა არნახული მხარდაჭერა გაუწია კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს და პირადად პრემიერ ბიძინა ივანიშვილს. თუმცა სულ ერთი წლის წინ - 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე - იქ ტრადიციულად გაიმარჯვა ექს-მმართველმა პარტიამ, სააკაშვილის "ნაცმოძრაობამ".

ამაში მთავარი როლი შეასრულეს ადამიანებმა, რომლებმაც ნაყოფიერად იმუშავეს სომეხ  მოსახლეობასთან რეგიონში. და თუკი ახალი ხელისუფლება დისტანციას დაიჭერს ზოგიერთი ხელმრუდე და მრუდედ მოაზროვნე, ძალზე საეჭვო ბექგრაუნდის მქონე ფსევდოსომეხი ლიდერისაგან, რომლებსაც თავი საქართველოში სომხური დიასპორის ლიდერებად მიაჩნიათ (როგორც სახელმწიფო დონეზე - პრეზიდენტის და სახალხო დამცველის აპარატები, პარლამენტი, რეინტეგრაციის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ისე ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე, რომლებიც თავიანთი თანამდებობების, კარიერის და დასავლური გრანტებისათვის ვითომდა მათი დაცვის ქვეშ მყოფი ელექტორატის ინტერესებით ვაჭრობენ, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის უკიდურესად მიუღებლები არიან და რეგიონში მისასვლელ გზასთან ფიზიკურად ახლოსაც არ აკარებს!) - სომეხ მოსახლეობასთან პრობლემები არ ექნებათ. დიახ, ადგილობრივ მოსახლეობას აქვს რამდენიმე დიდი ხნის კონკრეტული თხოვნა და თუ საქართველოს ახალი ხელისუფლება მათ შემდგომში გადაწყვეტს იმ პირების საშუალებით, რომლებსაც თავი არ შეურცხვენიათ წინა  ხელისუფლებებთან (შევარდნაძე-სააკაშვილის) თანამშრომლობით, რომლებიც დღეს დაეხმარნენ "ქართულ ოცნებას" არჩევნების მოგებაში, საკითხები თანდათან გადაწყდება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისაგან გამომდინარე და, ამავე დროს, ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.

- ბოლო ხანებში იყო მცდელობები საქართველოში მართლმადიდებლურ და ისლამურ კონფესიებს შორის რელიგიური შუღლი დაეთესათ. ვინ დგას ამის უკან და რას უნდა მოველოდეთ მომავალში რელიგიურ ნიადაგზე?

- დიახ, ასეთი მცდელობები იყო, მაგრამ ისინი ჩავარდა. თუმცა ფაქტი სულაც არ არის, რომ მომავალში ისინი აღარ განმეორდება, თუმცა ჭკვიანური პოლიტიკის გატარებით, ეროვნულ უმცირესობებთან მუშაობაში ახალი სახეების ჩართვით, ყველა მათგანი ჩასავარდნად არის განწირული. ამის უკან საქართველოს მტრები იდგნენ, რომლებსაც მშვენივრად ესმით, რომ მრავალეროვანი საქართველო ადვილად შეიძლება შიგნიდან ააფეთქონ ეროვნებათაშორისი და რელიგიათაშორისი მტრობის გაღვივებით მისთვის ახალი ტერიტორიების წართმევის მიზნით. მაგალითად, აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებული ქვემო ქართლის რეგიონის ან აჭარის ავტონომიისა, რომლის გარანტი ყარსის ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ არავის გაუუქმებია, რუსეთია. ამ მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ ორიოდე კვირის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლის შესაბამისად რელიგიური სიძულვილის ნებისმიერი გამოვლინება, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების დარღვევა რელიგიური ნიშნით დაისჯება სისხლის სამართლის კანონებით.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ივანიშვილის ახალ შემცვლელზე?

- ირაკლი ღარიბაშვილი - განათლებული ადამიანია (სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა, ბევრ ენას ფლობს), ნიჭიერი მენეჯერი, ეკონომისტი, საუცხოო სპორტსმენი (აღმოსავლური ორთარძოლები) და უაღრესად პატიოსანი, დადებითი პიროვნებაა. მთავარია, იმას არ წამოჰკრას ფეხი, რასაც ყველა მისმა წინამორბედმა წამოჰკრა - საქართველოში ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან ფესვგადგმულ ნეპოტიზმს (თანამშრომლების შერჩევა პროფესიული, ინტელექტუალური და საქმიანი კრიტერიუმების, გამოცდილების მიხედვით უნდა ხდებოდეს - ეს, პირველ რიგში, ახალი ხელისუფლების ყველა შტოს ეხება: პრეზიდენტს, მინისტრებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს - საქართველოს პარლამენტს, რადგანაც საგანგაშო ტენდენციები უკვე გამოჩნდა!). თუმცა, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად -  ღარიბაშვილი 31 წლისაა - მას საკუთარი გუნდი ჰყავს და რომ არა შინაგან საქმეთა მინისტრი, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ძალზე ძნელი იქნებოდა საქართველოში სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში შენარჩუნება. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი თავისი მენტალიტეტით - ნამდვილი ქართველია, შესანიშნავი მეოჯახე და არა პოლიტიკური “კონიუნქტურშჩიკი”, რაც მან დაამტკიცა ვაჟკაცური ერთგულებით ბიძინა ივანიშვილისადმი ყველაზე მძიმე დროს, როცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინა ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააპატიმრა მისი ოჯახის წევრი - სიმამრი, პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი, და ნებისმიერ წუთს  მზად იყო მის დასაპატიმრებლად. მაგრამ ვეღარ მოასწრო...

ინტერვიუ მიჰყავდა რომან ტემნიკოვს