საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებულებს სასამართლომ ე.წ. “თელასის” საქმეზე ყველა ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.
„თელასის" საქმეზე ბრალდებული იყვნენ ნიკა გვარამია, ალექსანდრე ხეთაგური, დევი კანდელაკი, კახა დამენია, იზაბელა გუტიძე და გიორგი ნემსიწვერიძე.
ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურს, დევი კანდელაკს და კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით - 30-30 ათასლარიანი გირაო, იზაბელა გუტიძესა და გიორგი ნემსიწვერიძეს კი 15-15 ათასლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული.„მაშინ, როდესაც მე ხელისუფლებაში ვიყავი, სასამართლოსა და პროკურატურას ჰქონდა ხარვეზები. თუმცა სასამართლოსგან განსხვავებით, პროკურატურის ხარვეზები დღესაც გრძელდება. ვწუხვარ, იმის აღიარება რომ მიწევს, რომ პროკურატურაში ძალიან ბევრი რამ არასწორად გავაკეთეთ. რაც ძალიან ცუდია და ამაში ჩემი და ჩემი მეგობრების წვლილსაც ვგრძნობ. სამწუხაროდ, მომიწია ბრალდებულის სახით წარვმდგარიყავი სასამართლოს წინაშე, რომ პროკურატურის მთელი ნიუანსები შემეგრძნო", - განაცხადა გვარამიამ პროცესის დასრულების შემდეგ.