საზოგადოება
“ცხუმ–აფხაზეთი: ბრძოლა ქართველი ერის ერთიანობიდან უცხო იარაღის ძალით მოწყვეტილი სულებისთვის...”

1-gasworebuliსაქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 2013 წლის 14 ნოემბერს, ქართულ გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” №219 გამოქვეყნდა გიორგი გაჩეჩილაძის სტატია

ცხუმ–აფხაზეთი: ბრძოლა ქართველი ერის ერთიანობიდან უცხო იარაღის ძალით მოწყვეტილი სულებისთვის...”, რომელსაც საქინფორმი ქვემოთ სრულად და უცვლელად სთავაზობს მკითხველს.

 

ცხუმ–აფხაზეთი: ბრძოლა ქართველი ერის ერთიანობიდან უცხო იარაღის ძალით მოწყვეტილი სულებისთვის... 

ადრე ცნობილი გახდა იმ დიდი სამუშაოს ზოგიერთი დეტალი, რომელსაც შორსმჭვრეტელი ადამიანები ქართული ეკლესიის სულიერი კონტროლის ქვეშ აფხაზეთის თანდათანობით დაბრუნებისთვის ატარებენ.

შეგახსენებთ, რომ როგორც ა.წ. 12 აგვისტოს გაზეთი „ასავალ–დასავალი“ იუწყებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის ქმედითი მონაწილეობით შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს მამა დავით სარსანიას (ფოტოზე) განსაკუთრებულ როლს აფხაზეთში საქართველოს ინტერესების დაცვაში.

მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ გაბედული პროექტის განხორციელებას ხელი მოჰკიდეს ადამიანებმა, რომელთა სიტყვა და საქმე ერთია. ა.წ. სექტემბრის ბოლოს, კონსტანტინოპოლთან შეთანხმებით, რომელიც თურქი პარტნიორების დახმარებით იქნა მიღწეული, მამა დავითის აფხაზეთში დაბრუნება მოხერხდა: ძველი ათონის (საბერძნეთი) წმინდა პეტრეს მონასტრიდან ის მუდმივ საცხოვრებლად ახალ ათონში (აფხაზეთი) გადავიდა.

ფაქტობრივად, მისი ჩამოსვლისთანავე – ა.წ. 2 ოქტომბერს, ახალი ათონის მონასტერში გაიმართა „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის“ (როგორც მას სეპარატისტები უწოდებენ)  საბჭოს რიგგარეშე სხდომა. ამ შეკრებაზე მონასტრის წინამძღვრის მოვალეობები მამა დავითს დაეკისრა. მონასტრის წინამძღვრები, ჩვეულებრივ, საკმაოდ მოწიფულ ასაკში ხდებიან, და მღვდლის ან ეპისკოპოსის ხარისხში. მონასტრის სათავეში ახალგაზრდა დიაკვნის დაყენება, რომელიც, ამასთან, მთელი ბოლო წლები საზღვარგარეთ ცხოვრობდა – უკიდურესად იშვიათი, შეიძლება ითქვას, თანამედროვე პრაქტიკაში უპრეცედენტო მოვლენაა. ალბათ, ეს ახალგაზრდა ღვთისმეტყველის ბრწყინვალე ნიჭის გათვალისწინებით გაკეთდა, რომელმაც, ამასთან, სულიერი გამოცდილება ათონზე, ბერძნული ეკლესიის ბერმონაზვნურ ციტადელში მიიღო.

ამით, როგორც ადრე პროგნოზირებდნენ, ნაციონალისტურად განწყობილი მამა ანდრეი ამპარი, რომელსაც მანამდე სეპარატისტულ „მიტროპოლიაში“ ორიდან ერთ–ერთი საკვანძო პოზიცია ეკავა, ჩრდილში გადადის, ხოლო მამა დავითის მდგომარეობა მის ადმინისტრაციულ სტრუქტურაში შესამჩნევად მყარდება.

მცირე ხნის შემდეგ, ა.წ. 11 ოქტომბერს, თბილისში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. საპატრიარქოში ჩვენი წყაროს ინფორმაციით, აფხაზური მიწების ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში დაბრუნების და რუსების ექსპანსიონისტური ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევის კომპლექსური პროგრამა დახურულ კარს მიღმა მსჯელობის ერთ–ერთი მთავარი საგანი იყო.

მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად წმინდა მამები მხოლოდ ჩვეული დეკლარაციებით არ შემოიფარგლნენ იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი – ჩვენი განუყოფელი ნაწილია, ხოლო რუს ეკლესიის მსახურებს მის საქმეებში ჩარევის უფლება არა აქვთ. მსგავსი სიტყვები ადრეც არაერთხელ გაისმოდა, მაგრამ მათ არანაირი რეალური ნაბიჯები სიტუაციის გამოსასწორებლად არ მოჰყვებოდა.

რა თქმა უნდა, მამა დავით სარსანიას სახელი პირდაპირ არ არის ნახსენები სინოდის დადგენილების იმ ნაწილში, რომელიც ქართულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციას ეხება და საჯარო გახდა. თუმცა გათვითცნობიერებულმა ადამიანებმა დაგვარწმუნეს, რომ ინფორმაცია „საქართველოს საპატრიარქოს სამღვდელოებაზე, რომელიც პერიოდულად ჩადის აფხაზეთში და იქ ღვთისმსახურებას ატარებს“, სწორედ ამ ნიჭიერ ბერს ეხება, თუნდაც საკმაოდ ბუნდოვანი ფორმით.

სინოდზე კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ, „თვალი დაეხუჭათ“ მამა დავითისა და მისი მომხრეების მოღვაწეობაზე აფხაზეთში, თუმცა ამგვარი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება სულაც არ ეხება პრომოსკოველ მღვდელ ბესარიონ აპლიას და მის მხარდამჭერ მღვდლებს. ხოლო რაც შეეხება რუსული ეკლესიის წმინდა მამებს, იმათაც კი, რომლებიც დროებით ჩამოდიან აფხაზეთში რუს ოკუპანტ ჯარისკაცებზე სულიერი ზრუნვისათვის, მათ ფექვეშ აფხაზეთის მიწა უნდა იწვოდეს.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის რუსული ოკუპაციის მიუხედავად, მამა დავითს არასდროს შეუწყვეტია საქართველოს საპატრიარქოსთან კონტაქტი და არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. 2000 წელს ის ქართველმა ეპისკოპოსმა ანდრია გვაზავამ ბერად აღკვეცა და მაშინვე იქნა ხელდასხმული დიაკვნად თავად კათოლიკოს–პატრიარქ ილია II–ის მიერ. მას ნდობით აღსავსე მეგობრობა აკავშირებს ზოგიერთ სხვა მაღალი წოდების ქართველ მღვდელმსახურთანაც.

მომდევნო წლებში მამა დავით სარსანია დიაკვნად მსახურობდა წმინდა გიორგის ტაძარში, რომელიც მოსკოვში ქართული სათვისტომოს სალოცავი ადგილია, შემდეგ კი შესანიშნავი საღვთისმეტყველო განათლება მიიღო დასავლეთ ევროპაში – შვეიცარიაში. სწავლის დამთავრების შემდეგ მან არ ისურვა რუსეთში დაბრუნება, რომლის აგრესიული ზრახვები 2008 წლის აგვისტოს აგრესიის შემდეგ სავსებით აშკარა გახდა. ამიტომ მამა დავითი ათონის სახელოვან მთაზე დასახლდა აგიუ პავლუს მონასტერში, მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს I–ის სულიერი მფარველობის ქვეშ.

ახლა ქართული ეკლესიის ამ სასულიერო პირის საქმიანობას უკავშირდება ძირითადი იმედები საქართველოსთვის ახალი ათონის მონასტრის თანდათანობით დაბრუნებაზე. ოცნებები შესაძლოა რეალობად ბევრად უფრო ჩქარა იქცეს, ვიდრე ზოგიერთი ფიქრობდა. გამოჩენილი ქართველი მღვდელმთავრების აზრით, სამართლიანობის აღდგენისკენ გზა შესაძლოა საგრძნობლად შემოკლდეს ქართულ–რუსული ურთიერთობის საგრძნობი გაუმჯობესების შუქზე.

პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია: ყველა შესაძლო ევროატლანტიკური პარტნიორის ამოქმედებით აფხაზეთის სულიერი რეინტეგრაციის პროექტის განვითარების ადრეულ სტადიებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ გაბედული ჩანაფიქრის განხორციელებისთვის ყველა სხვა პოლიტიკურ ძალაზე მეტი გააკეთა. ახლა კი ქართველი „ეკლესიის აზნაურები“ პრაქტიკულად დაუფარავად ამბობენ, რომ სწორედ საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლა შეუწყობს ხელს „ოპერაციის“ წინსვლას და გამარჯვებამდე მიყვანას.

აღდგომა და ხვალეო…