პოლიტიკა
რუსეთის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება

1maia-karas-pol-2საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. 17 ნოემბერს ახლად არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე დამსწრე სტუმართა ნაწილის ვინაობა უკვე ცნობილია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიაში ამ ეტაპზე ერთი პრეზიდენტია და ეს არის ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.

„სტუმართა სია ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის, მაგრამ იცით, რომ გვესტუმრება ლიტვის პრეზიდენტი, ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარე, ყაზახეთის ვიცე-პრემიერი, ჩამოვა 7 მინისტრი, ძალიან ბევრი მინისტრის მოადგილე, მაგრამ არის ქვეყნებიც, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან ელჩების დონეზე. ეს ძირითადად ის ქვეყნებია, რომლებსაც საელჩოები არ აქვთ საქართველოში“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ, - ამის შესახებ „იტარ-ტასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგრი კარასინმა განაცხადა, რომელმაც მიზეზად დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობა დაასახელა.

ჩვენ ინტერესით ვადევნებთ თვალს ქართველი პრეზიდენტის პირველ განცხადებებს. მისი აზრები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ კონსტრუქციულად გვეჩვენება და ბევრ რამეში ეთანხმება ჩვენს ხედვებს“, - აღნიშნა კარასინმა.

მისივე თქმით, მოსკოვში მზად არიან არაფორმალური დიალოგის გასაგრძელებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირად წარმომადგენელთან. მორიგი შეხვედრა პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან 21 ნოემბერს არის დაგეგმილი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას ჯერ არ გადაუწყვეტია, დაესწრება თუ არა ღონისძიებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევი ჯერ არ მიუღია, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ღონისძიებაზე მიწვეული არიან მიხეილ სააკაშვილიც და ედუარდ შევარდნაძეც.

„თუ პრეზიდენტს ექნება იმის სარწმუნო სურათი, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა განმტკიცდება მომავალში და პირიქით არ წავა პროცესები და არ დაინგრევა ყველაფერი, რაც შექმნილა, მაშინ, სავარაუდოდ, ის მივა ინაუგურაციაზე. თუ ამის სურათი არ შეიქმნება, არ არის გამორიცხული, რომ მან უარი თქვას“, - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.