პოლიტიკა
პარლამენტი თბილისში არ გადმოვა?

1parliament-pol-1საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. შარშანდელ არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნება“ თავიდანვე არ უჭერდა მხარს პარლამენტის ქუთაისში მუშაობას, თუმცა თბილისში დასაბრუნებლად მათ მთავარი საკანონმდებლო დოკუმენტის შეცვლა მოუწევთ, რაც არცთუ იოლია, იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ინაუგურაციამდე ვერ ესწრება.

დღეს მოქმედი ნორმით, ცვლილებებისათვის 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, “ოცნებას” კი ამ დროისათვის 98 ხმა აქვს. უფრო გართულდება ვითარება ინაუგურაციის შემდეგ, როდესაც ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები შევა ძალაში. ეს კი ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო კვორუმი 3/4 იქნება, ანუ უმრავლესობას პარლამენტის თბილისში გადმოსატანად 16 ხმით მეტი დასჭირდება. შესაბამისად, გაურკვეველი დროით გადაიწევს პარლამენტის თბილისში გადმოტანა.

ასე რომ, პარლამენტის დედაქალაქში დაბრუნების საკითხი კვლავ განიხილება, ძველი შენობაც რემონტდება, პარლამენტი კი ჯერჯერობით ისევ ქუთაისში რჩება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ გაზაფხულზე პარლამენტს თბილისში იხილავს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები კი აცხადებენ, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლას კატეგორიულად არ დაუჭერენ მხარს, რადგან რეგიონის განვითარებისთვის საპარლამენტო დედაქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ეს სერიოზულ ბიძგს მისცემს იქ ეკონომიკური პროცესების გაღრმავებას.