საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ 69 პრიმა მუხლის პირველ რედაქციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მის “ა” პუნქტთან მიმართებაში (სადაც რელიგიური ორგანიზაციები, ღვთისმსახურები და მორწმუნეები იყო ნახსენები), ჩვენც გვქონდა შენიშვნები. სწორედ ამიტომ, ინტერრელიგიური ჯგუფის სამუშაო სხდომაზე, რომელშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც მონაწილეობს, ხუთშაბათს, 7 ნოემბერს, მოწვეულნი იყვნენ აქ გაწევრიანებული რელიგიური გაერთიანებები და კანონპროექტის ავტორი, შს მინისტრის მოადგილე ბ-ნი ლევან იზორია. შეხვედრაზე, რომელსაც მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრენ, ბატონმა ლევანმა წარმოადგინა მუხლის გადამუშავებული, ახალი ვარიანტი, სადაც სადავო “ა” პუნქტი საერთოდ იქნა ამოღებული, ხოლო “გ” პუნქტმა განიცადა ცვლილება. გაიმართა საინტერესო დისკუსია და აზრთა გაცვლა.
ვინაიდან ინფორმაცია საპატრიარქოში დაგეგმილი ამ შეხვედრის თაობაზე რამდენიმე დღით ადრე მიეწოდა საზოგადოებას, როგორც ჩანს, “ტოლერანტობის ცენტრმა” (ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი) მოინდომა სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელთა თავისთან უფრო ადრე შეკრება და ამ შეხვედრის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენება. თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: შეხვედრაზე იქ მისულ რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს და შემდგომ უკვე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას უარყოფითი დამოკიდებულება მუხლის ძველ, ჩვენთვისაც სადაო რედაქციაზე დააფიქსირებინეს (მაშინ, როდესაც ამ პერიოდისათვის ცვლილება 69-ე მუხლში უკვე განხორციელებული იყო), რითაც ზემოაღნიშნული ორგანიზაციებისა და ზოგადად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა გამოიწვიეს.
ითვალისწინებს რა საკითხისადმი საზოგადოების ინტერესს და იმ გარემოებას, რომ “ტოლერანტობის ცენტრის” მიერ გადადგმულმა ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯმა კანონპროექტთან დაკავშირებით გაურკვევლობის ფონი შექმნა, საქართველოს საპატრიარქო მიმართავს თხოვნით ხელისუფლებას, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დროებით გადაიდოს აღნიშნული ცვლილებების განხილვა. მანამდე კი მოეწყოს საჯარო შეხვედრები და დიკუსიები კანონპროექტის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით.“