საზოგადოება
მრავალშვილიანი ოჯახი დახმარების გარეშეა დარჩენილი

mravalshviliani-ojaxiოთხი მცირეწლოვანი ბავშვის დედა, სოფელ ჯაფარიძეში მცხოვრები 34 წლის ინგა ქარსამაული ამბობს, რომ მრავალშვილიანი დედებისთვის განკუთვნილი დახმარება არასოდეს მიუღია. მრავალშვილიან ოჯახს არც საკუთარი ჭერი გააჩნია, ამიტომ თავის შეფარება სოფელში, ნაქირავებ პატარა ბინაში უწევთ. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, არც სიღარიბის დაძლევის პროგრამით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობას იღებენ.

ინგა ქარსამაული ამბობს, რომ პირადობის დამადასტურებელი და ბავშვების დაბადების მოწმობებიც დაეკარგა, რის გამოც ვერც სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობენ, რაც მათ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სამსახურის უფროსის - ზურაბ ნატროშვილის განმარტებით, თუკი მრავალშვილიანი დედა საბუთებს წესრიგში არ მოიყვანს, ის ვერანაირი შეღავათით ვერ ისარგებლებს. ინგა ქარსამაული მხოლოდ მეზობლების კეთილი ნების იმედადაა დარჩენილი, რომლებიც ხან საკვებითა და ხანაც ტანსაცმლით ეხმარებიან.