აქტუალური
გიორგი ბარამიძე: „მომავალი წლის ბიუჯეტი არის პირველი ბიუჯეტი, როდესაც ქვეყანაში პენსიები და ხელფასები არ იზრდება“

1budget-akt-3საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ამ ფორმით, ამ რედაქციით, შენიშვნების გაუთვალისწინებლობის პირობებში 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს ვერ დავუჭერთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი თევდორაძემ განაცხადა.

ეს ბიუჯეტი არ არის ადეკვატური იმ პრობლემების, იმ გამოწვევების, რომლებიც დღეს დგას ქვეყნის წინაშე. მთავრობა, ჩვენდა სამწუხაროდ, ირჩევს პოზიციას ილუზორულ სიტუაციაში ყოფნისა, ვერ უსწორებს თვალს სიმართლეს, იმ რეალობას, რომელიც დღეს არცთუ ისე სახარბიელოა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმცირესობას ექნება ძალიან მწვავე კითხვები, შენიშვნები და ალბათ ჩვენ ამ ფორმით, ამ რედაქციით, შენიშვნების გაუთვალისწინებლობის პირობებში ვერ დავუჭერთ მხარს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს“, – განაცხადა გიორგი თევდორაძემ.

2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კომენტარი უმცირესობის კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი ბარამიძემაც გააკეთა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი არის პირველი ბიუჯეტი, გარდა ომის შემდგომი ბიუჯეტისა, როდესაც არ იზრდება ქვეყანაში პენსიები, არ იზრდება პოლიციელების ხელფასი და ჯარისკაცების ხელფასი. ეს არის ძალიან მძიმე ვითარების ამსახველი“, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.