სამართალი
ზუგდიდში პოლიციელს სავარაუდოდ გაუპატიურების მცდელობისთვის ყური მოაჭრეს

1yuri-sa-3საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ დილით პატრულის თანაშრომელი გოგა ანჩაბაძე, რომელსაც, თვითმხილველების თქმით, ყური ჰქონდა მოჭრილი და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, დევნილთა დროებითი ჩასახლების ეზოში ნახეს და შოკურ მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივების თქმით, ეს ის ადგილია, სადაც პატრულის თანამშრომელი ორი დღის წინ თავისი ბავშვობის მეგობრის, კონსტანტინე გულორდავას ფეხმძიმე მეუღლის გაუპატიურებას ცდილობდა. ანჩაბაძე 2013 წლის აგვისტოში გულორდავას ქორწილში მეჯვარე იყო.

მომხდარიდან ზუსტად 2 საათში პატრულის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცავებს საკუთარი სურვილით ჩაბარდა. გულორდავას ადვოკატის თქმით, პატრულის თანაშრომელმა მეგობრის მეუღლე სახლიდან მოტყუებით გაიყვანა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია გაუპატიურებისა და ცემის ფაქტზეც.

პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილ კონსტანტინე გულორდავას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მისი დაკითხვა ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში წუხელ დასრულდა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა. ადვოკატის განმარტებით, ლაპარაკია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლზე, რომელიც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გულორდავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს. დაკავებულის ნათესავები და ოჯახის წევრები კი მის გათავისუფლებას ითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნით მათ გუშინ აქციაც გამართეს.