პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი : „არ ვაპირებ, განურჩევლად ყველა უცხოელს საფუძვლის გარეშე მივანიჭო მოქალაქეობა!“

1moqalaqeoba-pol-3-geoსაქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ მიხეილ სააკაშვილმა თავის გვერდზე Facebook-ში შემდეგი განცხადება გაავრცელა:

„ახლახან ვნახე პრეზიდენტის სასახლესთან საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველთა დიდი რიგი. ყველა ამ პროცესით დაშინებულს მინდა ვუთხრა, რომ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, განურჩევლად ყველა უცხოელს საფუძვლის გარეშე მივანიჭო მოქალაქეობა. მე მაქვს მკაცრი კრიტერიუმები და ადამიანს მკვეთრად გამოხატული საფუძველი და საქართველოსთან კავშირი უნდა გააჩნდეს ქართული პასპორტის ასაღებად. როგორც წესი, ეს ეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველებს.
ამავე დროს, მინდა ყველა დაფიქრდეს, 2004-ში ჩვენ ჩავიბარეთ საქართველო, რომელშიც გრძელი რიგი იდგა მოქალაქეობიდან გასვლის მსურველების. მსოფლიოში პატარა უმცირესობაა იმ ქვეყნების, რომელთა მოქალაქეობა სასურველი და სანატრელია და ჩვენი ქვეყანა ბოლო წლების რეფორმებისა და ცვლილებების შედეგად ამ ქვეყნების რიგში მოხვდა. ჩვენ ვიბრუნებთ ქართველებს 2004-დან 2012 წლის ჩათვლით. ყველა წელს, გარდა 2008-ისა, ჩვენ გვქონდა მიგრაციის პოზიტიური სალდო, ე.ი მეტი ადამიანი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე დატოვა იგი. 
საქართველო გახდა მიმზიდველი ქვეყანა და ვისაც ეს არ სჯერა, შეუძლია მივიდეს ჯერ კიდევ პრეზიდენტის სასახლესთან და ნახოს ის ხალხი, ვისაც ამის ნამდვილად სჯერა. 
ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს პოზიტიური იმიჯი და მიმზიდველობა არ დავკარგოთ“.