პუბლიკაციები
საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიადა-2014-ში სოჭში, ანუ როგორ ეპყრობიან ქართველებს რუსეთში

1soCi-ARNo2011 წლის 9-12 თებერვალს სოჭში დსთ-ის, ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს მედიის ხელმძღვანელთა და ჟურნალისტთა ჯგუფი ჩავიდა. ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „ერთიანი საინფორმაციო ცენტრისა“ და ,,რია ნოვოსტის’’ მიერ ერთობლივად ორგანიზებული პრეს-ტურის მიზანი სოჭში XXII ზამთრის ოლიმპიური თამაშებისა და 2014 წლის პარალიმპიური თამაშებისთვის მომზადების მსვლელობის გაცნობა იყო.

საქართველოს წარმოადგენდნენ: ყოველკვირეული გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ბონდო მძინარაშვილი (მის მასალას, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი მშენებარე ოლიმპიური ობიექტები, შეგიძლიათ ჩვენი საიტის მთავარ გვერდზე გაეცნოთ) და საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, რომელიც ქვემოთ თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს მკითხველებს ადამიანებზე, რომლებსაც იქ შეხვდა.

„საქართველოდან ხართ? მობრძანდით, გეთაყვა!“

როგორც ცნობილია, თეატრი საკიდიდან იწყება, ჩვენი მგზავრობა კი აეროპორტიდან დაიწყო. პირდაპირი ავიარეისის არარსებობის გამო, სოჭში ორი გადასხდომით ჩავფრინდით: თბილისი-მოსკოვი და მოსკოვი-სოჭი. რეისები ცალ-ცალკეა, სატრანზიტო არ არის. ამიტომ დომოდედოვოში დაშვებისა და ტვირთის მიღების შემდეგ სარეგისტრაციო დარბაზისკენ ხელახალი რეგისტრაციისთვის გავეშურეთ.

დომოდედოვოში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები შემოიღეს, მკაცრი კონტროლი დაწესდა გასასვლელშიც, ამიტომ, ჩვეულებრივ თავისუფალ „მწვანე კორიდორთან“ სხვადასხვა რეისით ჩამოსული მგზავრების საკმაოდ გრძელი რიგი დადგა. უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, მებაჟეები და, ღმერთმა უწყის, კიდევ რომელი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, ყურადღებით ეცნობოდნენ დოკუმენტებს, ადარებდნენ ბარგის ტალონებს და რენტგენულად ამოწმებდნენ ტვირთს.

უცებ, რიგში მდგომთ ერთ-ერთი ზემონახსენები ფორმიანი და „ვარსკვლავებიანი“ თანამშრომელი მოგვადგა:

-საიდან ხართ? - მკაცრად გვკითხა.

-საქართველოდან, - მივუგე მე.

-საქართველოდან? მობრძანდით, გეთაყვა! - მივიღეთ პასუხად.

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ურიგოდ გვიშვებდნენ, ამიტომ მისი თავაზიანი „მობრძანდით, გეთაყვა!“ თავდაპირველად სავალალოდ ცნობილ „ჩვენთან ერთად წამობრძანდით!“ მივიღე და ამიტომ ჩავეკითხე: – საით? 

–გასასვლელთან მიბრძანდით! – განგვიმარტა ძალოვანმა და, ჩემი გაოცება რომ შენიშნა, გასასვლელისკენ ხელითაც მიმითითა...

 

 „საქართველოში მიდიხარ, გენაცვალე?“

ამით დომოდედოვოში სასიამოვნო სიურპრიზები არ დასრულებულა. აეროპორტიდან (სარეგისტრაციო დარბაზიდან) ქუჩაში მოსაწევად გასულ ჩემს კოლეგა ბონდო მძინარაშვილს დარბაზში დაბრუნებისას ხელახლა მოუხდა შემოწმების პროცედურის გავლა. კიდევ კარგი, ბარგი მე დამიტოვა, ამიტომ მხოლოდ ხელის ლითონის დეტექტორით შეამოწმეს და პასპორტის წარმოდგენა მოსთხოვეს.

ქართული პასპორტის ხელში აღებისას, მილიციელმა აქცენტით, მაგრამ ქართულ ენაზე (!) წარმოთქვა საქართველოში მიდიხარ, გენაცვალე?და ღიმილით სახეგაბადრულმა მაშინვე დაუბრუნა პასპორტი გაოცებისაგან გაშეშებულ ბონდოს!

ქართველი ხარ? - ჰკითხა შოკიდან გამორკვეულმა ჩემმა კოლეგამ.

არა, რუსი ვარ! – გულღიად უპასუხა ქართულის არცთუ ურიგოდ მცოდნე მილიციელმა და სალამი აუღო, რადგან სასიამოვნო მუსაიფის დრო აღარ ჰქონდა მგზავრთა სიმრავლის გამო და ამის ნებას, ალბათ, არც სამსახურებრივი ინსტრუქცია აძლევდა...

 

„კანონიერი“ქართული ენა ...

პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად უწოდებს საქართველოს მსოფლიო ლიდერს სხვადასხვა სფეროში - ეკონომიკის განვითარებაში, დემოკრატიის მშენებლობაში, კორუფციასთან ბრძოლაში, სამართალდამცავი ორგანოების, განათლებისა და სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებაში და ავიწყდება, რომ ხელისუფლების სათავეში მის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე საქართველოს რეალურად ეკავა პირველი ადგილი „კანონიერი ქურდებისა“ და მათ „ექსპორტში“: ჯერ სსრკ-ში, ხოლო შემდეგ – ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში.

ამ მგზავრობისას აღმოვაჩინე, რომ, ქართველი ქურდების გარდა, რუსეთის ფედერაციაში „კანონიერია“ ქართული ენაც! მორიგი სიურპრიზი, რამაც კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გაგვაოცა დომოდედოვოში (უკვე უკან დაბრუნებისას), ქართულ ენაზე თბილისის რეისების გამოცხადება იყო!

თავდაპირველად ეს ჩემი კოლეგის – ბონდოს ხუმრობად მივიღე. საქმე ისაა, რომ მთელი გზა ჩვენ საკმაოდ ხმამაღლა ვსაუბრობდით ქართულ ენაზე, ხოლო რაკიღა ქართველები საკმაოდ ემოციურად ვსაუბრობთ, თავდაპირველად ვიფიქრე, რომ იგი, საინფორმაციო ბიუროში წინასწარ დაზუსტების შემდეგ, მატყობინებდა - როდის და რომელი გასასვლელიდან განხორციელდებოდა თბილისისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩასხდომა. მაგრამ, როცა ჩასხდომაზე მიპატიჟება თავანკარა რუსულით გაიმეორეს, მივხვდი, რომ ეს ნამდვილად ვერ იქნებოდა ბონდო...

,,განა დღეს ასეთი რამ შეიძლება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდეს?!’’ – სევდიანად გავიფიქრე მე და გამახსენდა, ორიოდე წლის წინათ როგორი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია რუსულად მეტყველებამ თბილისის რესტორანში „თაღლაურა“, სადაც ხშირად სტურმობენ ქართველი ხელისუფალნი და სადაც აზერბაიჯანიდან ჩამოსული სტუმარი, ჟურნალისტი რომან ტემნიკოვი მივიწვიე (მადლობა ღმერთს, რომანმა ვერ გაიგო, რა ქართული ეპითეტები ჟღერდა ჩვენი მისამართით გვერდითა მაგიდიდან. მე კი სირცხვილითა და ბრაზით აღვსილმა, თავი მოვიკატუნე, აქაოდა დავყრუვდი-მეთქი...).

დღეს კი საქართველოში რუსული ენა „კანონგარეშეა“: რესტორნებში აკრძალეს რუსული სიმღერების შესრულება და, საერთოდ, რუსულად სიმღერა, კინოთეატრებში - იმ ფილმების ჩვენება, სადაც რუსულად ლაპარაკობენ, ხოლო ანტირუსული სულისკვეთებით აღზრდილი ახალგაზრდობა ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს პუტინსა და პუშკინს!

 

ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშები იმერეთის დაბლობზე გაიმართება

იცით, რაზე ვოცნებობდი სოჭში ყოფნისას? არ დაიჯერებთ: მინდოდა, რომ ჩემი მობილური ტელეფონისთვის საქართველოს შსს-ს მოესმინა და ყველაფერი, რასაც იქ მოისმენდნენ, პირადად მიშასთვის გადაეცათ!

არადა, ბევრ საინტერესო და ჭკუის სასწავლებელ ამბავს მოისმენდნენ:

–        მაგალითად, იმას, რომ პრესტურის მონაწილეებს (ჟურნალისტები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან და საქართველოდან) სტუმართმოყვარე მასპინძელ-ორგანიზატორებმა არაერთხელ აუხსნეს, რომ სოჭი და მისი შემოგარენი, სადაც ოლიმპიური პარკი და ოლიმპიური სოფელი შენდებოდა, იმერეთის დაბლობზე მდებარეობს. ეს ჩვენთვის ნაჩუქარ, ოლიმპიური თემატიკის სარეკლამო ბუკლეტებსა და ჟურნალებშიც არის აღნიშნული(სხვათა შორის, ჩვენში, ახლახან ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან შესაბამისად, ყველა ბუკლეტში, სარეკლამო ჟურნალსა და რესტორნების მენიუებშიც კი (?!) არნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული); 

პირველივე დღეს, ექსკურსიის დაწყებისთანავე, იმერეთის დაბლობის შესახებ ავტობუსში სახელმწიფო კორპორაცია „ოლიმპსტროის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანაშრომელმა სიმა აივაზიანმა გვამცნო, რომელიც ორი დღის განმავლობაში სიამოვნებით ასრულებდა ჩვენი გიდის მოვალეობას. ის თან ახლდა ჟურნალისტების დელეგაციას ყველა ოლიმპიურ მშენებლობაზე და დაუფარავი სიამაყით მოგვითხრობდა თვალსა და ხელს შუა გამშვენიერებულ სოჭზე. არ ვიცი, შემთხვევით თუ განგებ, მაგრამ სიმა საქართველოში, ქალაქ მარნეულში დაბადებული და გაზრდილი ქართველი აღმოჩნდა, რომელიც სოჭში მოგვიანებით, სომეხზე გათხოვების შემდეგ, გადასახლდა.

(ცნობისთვის: სოჭში უძველესი დროიდან ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები - რუსები და ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი ქალაქი, დღეს კი მხარდამხარ შრომობენ ოლიმპიური ობიექტებისა და სოჭის ინფრასტრუქტურის მშენებლობებზე. და ეს, მიუხედავად იმ სამწუხარო ფაქტისა, რომ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში ეს ხალხები, სისხლისმღვრელი ეთნიკური კონფლიქტების შემდეგ, ერთმანეთს დღემდე კალაშნიკოვის ავტომატის სამიზნიდან უცქერენ...)

ვაღიარებ: ან თანამემამულე სიმას ხმა ჩამესმოდა იავნანად, ან ამ გულის ამაჩუყებელი ტოლერანტობის გამო (თანაც, წინა დღის ორმაგი ფრენის შემდეგ რიგიანად დასვენებულიც არ ვიყავი) რაღაც მომენტში ჩამთვლიმა... თვალი რომ გავახილე, ავტობუსის ფანჯრიდან ქართველის თვალისთვის ერთობ ჩვეული პეიზაჟი ვიხილე (ზღვა, სახლები, მთები), თავდაპირველად ვიფიქრე, ალბათ, შინ, საქართველოში, ვარ-მეთქი!...

და კიდევ, ძალიან მინდოდა, რომ საქართველოში მავანს მოესმინა, როგორი მწუხარებით მოიხსენიებდნენ საქართველოს „მტრები“ ვანკუვერში დაღუპულ ქართველ მოციგავე ქუმარიტაშვილს, და ტრაგედიის განმეორების თავიდან ასაცილებლად, როგორ გასწიეს რუსმა „ოკუპანტებმა“ დიდძალი ხარჯი, რათა უკვე მშენებარე საციგაო-ბობსლეის ტრასის პროექტი შეეცვალათ და მას სამი სიჩქარის „დამამუხრუჭებელი“ კონტრაღმართი დაუმატეს...

 

პოტანინს რუსეთში – დიდება და სახელი, პატარკაციშვილს საქართველოში კი – თავსლაფი და სიკვდილი?!

ვიმეორებ: დაწვრილებით მონათხრობს სოჭის საოცრებებზე, წარმოუდგენელ ციფრებსა და ზღაპრულ პროექტებზე ჩემი კოლეგის – ბონდო მძინარაშვილის პუბლიკაციაში წაიკითხვათ:

– იმის შესახებაც, თუ როგორ აფართოებენ ევროპაში ყველაზე „გრძელი“ ქალაქის - შავი ზღვის სანაპიროზე თითქმის 150 კმ-ზე გადაჭიმულ სანაპირო ზოლს, რომელსაც ზღვაში მთელი 50 მეტრით „შეჭრიან“, რისთვისაც იქ, თუ არ ვცდები, 5 მლნ-მდე ტონა ცემენტს ჩაასხამენ;

–400 კილომეტრიანი ახალი გზებისა და ხიდების შესახებაც, რომელთა სიგრძე 150 მეტრზე მეტია და 9-ბალიანი მიწისძვრის გაძლება შეუძლია;

–ახალ 200 კილომეტრიან სარკინიგზო ქსელზე, 8 საბაგირო გზასა და 22 უნიკალურ გვირაბზე, ტექნიკის ბოლო სიტყვით - ფარის ტექნოლოგიის გამოყენებით რომ კვეთს მთის მასივს.

–  შეიტყობთ, რომ სოჭში ოლიმპიური თამაშები ორ ადგილას – სანაპირო და მთის კლასტერზე გაიმართება, რომლებსაც ერთმანეთთან უნიკალური თანამედროვე მატარებლები 30 წუთზე ნაკლებ დროში დააკავშირებს. ეს პირველი შემთხვევაა ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, როცა ყველა ობიექტი ასე კომპაქტურადაა განთავსებული! და კიდევ სად არის, სოჭის გარდა, შესაძლებელი, ასეთ მოკლე დროში ერთი კლიმატური სარტყელიდან მეორეში - თბილი ზღვიდან ყინულოვან მწვერვალებზე რომ მოხვდე?! ალბათ, – არსად, გარდა საქართველოსი...

– სოჭში ოლიმპიური სოფელი, პრესცენტრი და ტელეცენტრი სანაპირო კლასტერის ოლიმპიური ობიექტებიდან - ოლიმპიური პარკიდან, ცენტრალური სტადიონიდან, საკერლინგო ყინულის არენიდან, გადახურული საციგურაო მოედნიდან, ჰოკეის დიდი და პატარა ყინულის არენებიდან ორ ნაბიჯში მდებარეობს. მთის კლასტერის აღჭურვილობებს მიეკუთვნება „კრასნაია პოლიანაზე“ მდებარე სამთო-სათხილამურო კომპლექსი „როზა ხუტორი“, სადაც ჩატარდება შეჯიბრი ბიატლონში, ბობსლეიში, ტრამპლინიდან ხტომაში, სნოუბორდსა და ფრისტაილში, სლალომში. აქ აშენდება მთის ოლიმპიური სოფელი 2600 სპორტსმენისთვის – ექვსი სასტუმრო, აპარტ-ოტელები, მაღაზიები, რესტორნები. ოლიმპიადისთვის კურორტი „როზა ხუტორი“ მზად იქნება დღეში 5-დან 10 ათასი კაცის მისაღებად, დასრულების შემდეგ კი ეს მთის ქალაქი უდიდესი სამთო-სათხილამურო კურორტის შემადგენლობაში შევა.

(სხვათა შორის, ჟურნალისტების სტუმრობისას კომპლექსში სატესტო შეჯიბრი მიმდინარეობდა - რუსეთის თასზე სამთო-სათხილამურო სპორტში 2011; ევროპის FIS თასზე სამო-სათხილამურო სპორტში მამაკაცა შორის 2011; ევროპის FIS თასზე სამთო-სათხილამურო სპორტში ქალებს შორის 2011).

კურორტ „როზა ხუტორის“ მთელი პროექტის ბიუჯეტი - 1 მლრდ 700 მლნ დოლარია და, როგორც არაერთხელ გამოგვიცხადეს (ქალაქ სოჭის მერმა ანატოლი პახომოვმა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სამთო-სათხილამურო კურორტ „როზა ხუტორის“ სადეველოპერო კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი ბაჩინმა, ღია სააქციო საზოგადოება სოჭის „რუსეთის რკინიგზის“ ხელმძღვანელმა ანდრეი დუდნიკმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა), ეს ყველაფერი ცნობილი რუსი მეწარმის – ვლადიმირ პოტანინის სახსრებით აშენდა. ხოლო მთლიანად, სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოსამზადებლად 200 მლრდ რუბლამდე დაიხარჯა (რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის დმიტრი კოზაკის განაცხადებით – 185 მლრდ რუბლი), საიდანაც დიდი წილი (100 მლრდ რუბლამდე) რუსეთის ბიზნესზე მოდის, ხოლო დანარჩენი – სახელმწიფოს ხარჯია.

რატომაა, რომ რუსეთში ამაყობენ თავიანთი ბიზნესმენებით, ხოლო საქართველოში მათ კლავენ?! განა აწ გარდაცვლილმა ბადრი პატარკაციშვილმა და საქართველოდან კვლავ მოსკოვში გაქცეულმა ბიძინა ივანიშვილმა ნაკლები გააკეთეს საქართველოსთვის, ვიდრე პოტანინმა - რუსეთისთვის?! რატომაა, რომ, მათ, ჭეშმარიტ მეცენატებს, ასობით მილიონი დოლარი რომ დახარჯეს სხვადასხვა საქველმოქმედო საქმეზე, დღეს თითქმის არავინ მოიხსენიებს კეთილი სიტყვით, ხოლო თუ მოიხსენიებს - მხოლოდ ნიშნისმოგებით?! ნუთუ ჩვენ, ქართველები, უმადური ხალხი ვართ და მსოფლიოში მხოლოდ ჩვენ არ ვაფასებთ ჩვენს ბიზნესმენებს?! სირცხვილია, ბატონებო! არადა, ღვთის წინაშე წარდგომა ხომ ყველას მოუწევს...

სხვათა შორის, როცა კომფორტაბელური საბაგირო გზით თითქმის ორ-ნახევარი კმ-ის სიმაღლეზე ადიხარ, საიდანაც სათავეს იღებს „როზა ხუტორის“ სამთო-სათხილამურო ტრასები, ცამდე – ერთი ხელის გაწვდენაა და ჩემს კოლეგა ბონდო მძინარაშვილს მოეჩვენა კიდეც, რომ სტუმრად ღმერთთან იმყოფებოდა!

 

კიდევ კარგი, რომ ეს სახლები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ლტოლვილ ქართველებს არ უნახავთ...

ოლიმპიური მშენებლობის ზონაში რამდენიმე დასახლება-სოფელი მოხვდა და, ისინი თუნდაც შიფერით გადახურული უსახური ერთსართულიანი შენობები ყოფილიყო, ადამიანისთვის მაინც ძალზე ძნელია მშობლიურ სახლთან გამოთხოვება. ამიტომ სახელმწიფო კორპორაცია „ოლიმპსტროიმ“ გადმოსახლებულთათვის 138 ჰა ფართობის 7 მოედანი გამოყო, სადაც 570 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა (რომელთაგან ნახევარი უკვე საექსპლუატაციოდ ჩაბარდა) და 600-ზე მეტი ბინის მშენებლობა დაიწყო, მოქალაქეებს ასევე, გამოეყოთ მიწის ნაკვეთები და ფულადი კომპენსაციები.

სოფელ ნეკრასოვკაში ეს სახლები გვიჩვენეს და ამჯერად აღარ მომჩვენებია, რომ საქართველოში ვარ: დაგეგმარებით განსხვავებული, თუმცა ერთი სტილის სახლები, ევროპის ნებისმიერ ქალაქს დაამშვენებდა (მკითხველი ამაში თავადაც დარწმუნდება, როცა ჩვენი საიტის ფოტოგალერეას ეწვევა)! იქ უკვე გაშენებულია პარკი, არის დიდი ხელოვნური ტბა და აგებულია პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი, ეკლესია და, საერთოდაც, ენა არ მიბრუნდება,   ნეკრასოვკას სოფელი ვუწოდო...

ამ სახლების დანახვაზე ორგვარი გრძნობა დამეუფლა - ეს იმ ადამიანების სიხარულის გაზიარებაც იყო, ვინც უკვე იქ ცხოვრობდა (რაზეც მეტყველებდა ეზოებში გახარებული ყვავილები და ჭიშკრის მიღმა მდგომი მანქანები), და არ დავმალავ, შურიც...

და არა იმიტომ, რომ თავადაც ბედნიერად ვიცხოვრებდი ასეთ სახლში, არა! მე ხომ ამ მშვენიერებას არა მარტო ჟურნალისტის, არამედ ქართველის თვალითაც ვუყურებდი! როგორ არ უნდა შემშურებოდა ამ ხალხის, როცა ჩემს სამშობლოში 350.000-მდე ლტოლვილმა დატოვა მშობლიური კერა, მაგრამ, იღბლიანი სოჭელებისგან განსხვავებით, სანაცვლოდ, უკეთეს შემთხვევაში, მჭიდრო რიგებად ჩამწკრივებული და საცხოვრებლად უვარგისი სათამაშო სახლები მიიღეს, ბარბის საბინადროს რომ ჰგავს?! რა თქმა უნდა, იქ არც პარკია, არც ტბა და არც ეკლესია, როგორც ნეკრასოვკაში, სამაგიეროდ, არის პოლიციის გამჭირვალე შენობა... მოკლედ, თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდებაო – საქართველოში მალე საერთოდ აღარ იქნებიან დევნილები...

 

ქართველი ჟურნალისტები – აფხაზეთიდან ორ ნაბიჯში

ნეკრასოვკის შემდეგ ჩვენი ჯგუფი აფხაზეთის საზღვართან მდებარე ფსოუს დასახლებას ეწვია. თუმცა ძნელია მას საზღვარი უწოდო – სახლები, მაღაზიები და ხიდთან, უბრალოდ, შლაგბაუმი და „ნეიტრალური ტერიტორია“. მართალია, იქ გაჩერება გეგმაში არ ჰქონიათ, მაგრამ დელეგაციის თანმხლებმა პირებმა გაითვალისწინეს ჩვენი, ქართველი ჟურნალისტების, განცდები: მე და ბონდო ავტობუსიდან ჩამოვედით და აფხაზეთისკენ მიმავალ ხიდს მივადექით... არავინ გვაჩქარებდა და ხელს არ გვიშლიდა, ფოტოსურათებიც კი გადავიღეთ (იხ. ფოტოგალერეა), ხოლო უკან გამობრუნებისას უცნობი ქალი მოგვიახლოვდა და სიტყვებით: „მიირთვით აფხაზეთის ნობათი!“ - მანდარინებით სავსე ცელოფანის პარკი გამოგვიწოდა. მადლობა გადავუხადეთ, მანდარინები ავიღეთ და იქვე გავსინჯეთ: მომცრო იყო, მაგრამ უგემრიელესი! ყველაზე გემრიელი, რაც კი ოდესმე გამისინჯავს...

საკმაო ხანს, მას შემდეგ, რაც ავტობუსში ჩავსხედით და გზა განვაგრძეთ, ჩვენი კოლეგები დელიკატურად დუმდნენ და მხოლოდ მოგვიანებით სომეხმა ჟურნალისტმა სააგენტო „პანორამიდან“, ლია ხოჯოიანმა ჩუმად მკითხა: „რას გრძნობდი იქ ყოფნისას?“

„ორიოდე სიტყვით გადმოცემა გამიჭირდება...“ - მივუგე სავსებით გულწრფელად და მხოლოდ შემდგომ, როცა ჩემს გრძნობებში გავერკვიე, მივხვდი, რომ იმ წამს ყველაზე მეტად მინდოდა – რამდენიმე ნაბიჯი გადამედგა და სამშობლოში აღმოვჩენილიყავი...

 

„მწვანეები“ შურისა და ბრაზისგან გამწვანდნენ...

«მართალია თუ არა, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა - ახალი სარკინიგზო და საავტომობილო გზები, ასევე, ოლიმპიური ობიექტები აფხაზეთიდან შემოტანილი ინერტული მასალებით შენდება, სადაც, როგორც ამბობენ, ამის გამო სანაპირო ზოლი და პლაჟები აღარ დარჩა?» - ვკითხე პრესკონფერენციაზე სოჭის მერს – ანატოლი პახომოვს.

„ამას უფრო დაზუსტებით მშენებლები გეტყვიან, მაგრამ, როგორც მერმა, შემიძლია განვაცხადო, რომ ინერტული მასალების ასზე მეტი მომწოდებელი გვყავს და ყველა შემოთავაზებიდან ტერიტორიულად ყველაზე ახლო მყოფებს ვირჩევთ: ეს მთავარი კრიტერიუმია, ამიტომაც ეს, ძირითადად, კრასნოდარის მხარე და სოჭის ოლქია“, - მიპასუხა ქალაქის თავმა.

იგივე კითხვა დავუსვი სოჭის ღია სააქციო საზოგადოება „რუსეთის რკინიგზის“ ხელმძღვანელს – ანდრეი დუდნიკს, რომელმაც ღიმილით განმიმარტა: „ჯერ ერთი, რომ აფხაზეთთან ჩვენი დამაკავშირებელი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები ისეთი სიმძლავრის არაა, რომ დიდი მოცულობის ინერტული მასალები გადაიტანო; მეორეც, იქიდან მასალების ჩამოტანა ჩვენთვის არარენტაბელურია – ის ქვიშა და ღორღი ოქროს ფასი დაგვიჯდება!“

აქ უკვე მე გამეღიმა: უცებ გამახსენდა „მწვანეთა პარტიის“ ლიდერის – გია გაჩეჩილაძის ბრაზით გამწვანებული სახე, რომელიც მთელი მსოფლიოს ფეხზე დაყენებითა და სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩაშლით იმუქრებოდა იმის გამო, რომ აფხაზეთიდან ინერტული მასალების გატანა, შესაძლოა, გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზად იქცეს, რაც შავი ზრვის აუზის ყველა ქვეყანას შეეხება!

როგორც ჩანს, გია გაჩეჩილაძემ, რომელიც საქართველოს ეკოლოგიის მინისტრი ვერ გახდა (ისევე, როგორც მისი ცნობილი მოგვარე ვერ გახდა საქართველოს პრეზიდენტი), არ იცის, რომ სოჭში ყოველ ხეს, რომელიც სატრანსპორტო მაგისტრალის გაყვანისას გზაზე შეხვდებათ, ფაქიზად გადარგავენ სხვა ადგილას!

ახლახან კი თბილისში, უძველეს და ულამაზეს დავით აღმაშენებლის გამზირზე (საბჭოთა ხანაში - პლეხანოვის, ხოლო რევოლუციამდე - მიხაილოვის პროსპექტზე) ასობით სავსებით ჯანსაღი უნიკალური მაგნოლია მოჭრეს, რომელთა ასაკი 40-50 წელი იყო (არადა, ისინი 100 წლამდე ხარობენ!): სად იყო მაშინ საქართველოს „მწვანეთა“მთავარი გიორგი გაჩეჩილაძე?! ანდა მაშინ, როცა სანაპიროზე, ჩოგბურთის უძველეს კორტებთან მდებარე პარკში უზარმაზარ ხეებს ანადგურებდნენ?! აჰ, ალბათ, საჩივრებს წერდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის მოთხოვნით...

 

“არ იღელვოთ, მაესტრო, ყველაფერი კარგად იქნება!“

ჩვენი პრესტურის მონაწილეებს გაუმართლათ: სოჭში 2011 წლის 4-დან 13 თებერვლამდე იური ბაშმეტის ხელოვნების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობდა და ორგანიზატორებმა მისი მონაწილეობით გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე მიგვიწვიეს. კონცერტის წინ სცენაზე გამოვიდნენ თავად მაესტრო, რომელიც „სოჭი-2014“-ის ელჩიცაა და ასევე, სოჭში სტუმრად მყოფი რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი კოზაკიც, რომელიც პასუხისმგებელი გახლავთ ოლიმპიადა-2014 -ის გამართვაზე. მათი ხანმოკლე მისალმების შემდეგ დაიწყო დაუვიწყარი კლასიკური მუსიკის კონცერტი და მიუხედავად იმისა, რომ კულტურული პროგრამა პრესტურის ორ, მთლიანად დატვირთულ სამუშაო დღეს ასრულებდა, დაქანცულობა სადღაც გაქრა! კონცერტის შემდეგ იური აბრამოვიჩს ვეწვიე კულისებში მშვენიერი საღამოსთვის მადლობის გადასახდელად.

– როგორ მიდის საქმეები თქვენთან, თბილისში? - მკითხა მაესტრომ.

–გვეწვიეთ, სიხარულით დაგხვდებით! - მივუგე მე.

–ამისთვის ხომ ვიზაა საჭირო? - დააზუსტა ბაშმეტმა.

–არა, ვიზები მხოლოდ რუსეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ, ხოლო რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზები საჭირო არაა! - ავუხსენი მე.

– ესე იგი, რუსეთში ვიზები გჭირდებათ, ხოლო საქართველოში - არა?! არ ვიცოდი... და რატომაა ასე? - გაიკვირვა იური აბრამის ძემ. ახსნა-განმარტება, თუ „რატომაა ასე“, დიდ დროს წაიღებდა, მე კი არ მინდოდა კონცერტის შემდეგ უფრო მეტად დამექანცა გამოჩენილი მუსიკოსი და მოკლედ ვუთხარი: – ნუ იღელვებთ, მაესტრო, თქვენ ოღონდ ჩამოდით და ყველაფერი კარგად იქნება!

 

დაე, ისროდნენ ქვემეხები, მაგრამ მხოლოდ ხელოვნურ თოვლს!

„ოჰ, სპორტო, შენ მშვიდობა ხარ!“ - ეს სიტყვები ოდესღაც ფრანგმა პიერ დე კუბერტენმა წარმოთქვა, რომელმაც ანტიკური ოლიმპიური თამაშების ტრადიცია აღადგინა. დიახ, სპორტი მშვიდობაა და არა პოლიტიკა, თუმცა დღეს ასეთ პოლიტიზებულ მსოფლიოში მავანთ ამისი არ სჯერათ.

„უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა საქართველომ სოჭის ოლიმპიურ თამაშებში? თუ 2014 წლისათვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები კარდინალურად შეიცვლება, მზად ხართ თუ არა ქართველი სპორტსმენების მისაღებად?“ - ვკითხე სოჭის მერს – ანატოლი პახომოვს.

„მობრძანდით, გეთაყვა! რა თქმა უნდა, მზად ვართ! ჩამობრძანდით! სოჭი ყველას გვეკუთვნის. აქ, აზერბაიჯანელებთან, სომხებთან და რუსებთან ერთად, დღესაც ათასობით ქართველი ცხოვრობს და მუშაობს!“ - გვიპასუხა სტუმართმოყვარე მერმა, რომელსაც პრესკონფერენციის მიმდინარეობის მანძილზე, არათუ განცხადება, ერთი პოლიტიკური ქარაგმაც კი არ წამოსცდენია (საერთოდ, არ ილაპარაკო პოლიტიკაზე - ეგებ, ყველაზე მაღალი კლასის პოლიტიკოსობას ნიშნავს).

დღეს მთელი მსოფლიო ურჩევს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებას (თვით პრეზიდენტი სააკაშვილი მზად არის მოლაპარაკებები ყველა წინაპირობის გარეშე დაიწყოს!), ბევრი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ძალ-ღონეს არ ზოგავს 2008 წლის აგვისტოში გაწყვეტილი მაკავშირებელი ძაფების სათითაოდ აღსადგენად (შენარჩუნებულია მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის არსებული უფაქიზესი ძაფები), იყენებენ ყველაფერს - კულტურას, სახალხო დიპლომატიას, საზოგადოებრივ კავშირებს.

ჰოდა, ეგებ 2008 წლის ზაფხულში „დასიცხული“ ქართული თავები „გაგრილდნენ“ 2014 წლის ზამთრისთვის და სოჭის ზამთრის თამაშებმა რუსეთთან შეგვარიგოს? განა იმერეთის დაბლობი ამისათვის ზედგამოჭრილი ადგილი არ არის?! განა ჩვენ არ ვიცით, როგორ დიდ პატივს სცემენ ერთმანეთს ძლიერი ადამიანები, როგორ მეგობრობენ ქართველი და რუსი სპორტსმენები და რამდენი სპორტული გამარჯვება აკავშირებთ ერთმანეთთან?

და მაშინ, დაე, ისროლონ ქვემეხებმა, მაგრამ – მარტოდენ ხელოვნური თოვლი!

 

არნო ხიდირბეგიშვილი,

თბილისი-მოსკოვი-სოჭი-მოსკოვი-თბილისი

2011 წლის 9-12 თებერვალი