საზოგადოება
გიგი უგულავა: „პროკურატურა დროის გაწელვას ცდილობს, რაც მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება“

1gigiსაქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. რიყის ტერიტორიისა და "ტელეიმედის" გასხვისების საქმეზე გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო იმ მოტივით, რომ საფრანგეთში დაკავებული დავით კეზერაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით ბრალდების მხარე დოკუმენტაციას აწარმოებს. თუმცა, პროკურორის განმარტებით, რაკიღა საექსტრადიციო პერიოდი, შესაძლოა, ერთი წლის განმავლობაშიც გაგრძელდეს, სასამართლო პროცესებს ვერ გადადებს და ბრალდების მოწმეების დაკითხვა 3 დეკემბრიდან დაიწყება. 
გუშინ პროცესის გადადებამდე დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარე პროცესების გასაჭიანურებლად ყველაფერს აკეთებს.

"პროცესი სახელწოდებით: "ჯოზეფ ქეი უგულავას წინააღმდეგ" გრძელდება. პროკურატურა ცდილობს დროისა და ამ საქმის გაწელვას. განსაკუთრებით მომავალში კიდევ უფრო შეეცდება ამას, მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი ინტერესი კი ის არის, რომ პროცესი სწრაფად წავიდეს და გაირკვეს, ვინ არის მტყუანი და ვინ არის მართალი", - განაცხადა გიგი უგულავამ.