სამართალი
„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" სახელმწიფო სიმბოლიკის ხელყოფისათვის სააკაშვილს უჩივის

1uCivis-sam-3საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" მიმდინარე წლის 9-10 ნოემბერს პრეზიდენტის რეზიდენციაზე საქართველოს სახელმწიფო დროშის ნაცვლად "გულებიანი დროშის" აღმართვას გმობს და აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავს.

ასოციაციის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით ხელყოფილ იქნა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკა. კერძოდ, დაირღვა საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ". აგრეთვე, წინამდებარე ქმედებაში შეინიშნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზგასმით აცხადებს, რომ ე.წ. "გულებიანი დროშის" აღმართვით დაირღვა როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე მორალური თვალსაზრისით შეილახა საქართველოს მოქალაქეთა ღირსება.

იმედს ვიტოვებთ, რომ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მხრიდან დროულად მოხდება აღნიშნული, საზოგადოების შეურაცხმყოფელი ფაქტის დეტალური გამოძიება და ამ გადაწყვეტილების მიმღები თითოეული პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა თორნიკე ჭეიშვილმა.

„საქართველოს ახლაგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია” დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურას აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით წერილობით მიმართავს.