აქტუალური
სახალხო დამცველი თანამშრომლებს ათავისუფლებს

1uCa-akt-3საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა აპარატის მონიტორინგისა და პრევენციის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე და მისი მოადგილე ოთარ კვაჭაძე. გათავისუფლების ბრძანებაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად ინაძისა და კვაჭაძის მიერ „მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობა“ სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, „იმნაძის და კვაჭაძის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრმა თეა თუთბერიძემ, მონიტორინგის დროს, მსჯავრდებულ ბაჩო ახალაისთან შეხვედრა მოახერხა."

თავად თეა თუთბერიძე ამ ორ ფაქტს შორის კავშირს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ პრევენციული ჯგუფის წევრის უფლებები კარგად იცის და არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პატიმარი მოითხოვს მასთან შეხვედრას.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი  ნათია იმნაძისა და ოთარ კვაჭაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ამ პირთა გათავისუფლების საფუძვლებს ვერ გაასაჯაროებს.

დღეს კი პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლებმა მაია გიგინეიშვილმა, ამირან ნიკოლაიშვილმა და გურამ ბენდიანიშვილმა სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

„როდესაც სახალხო დამცველი არღვევს საკუთარი თანამშრომლის უფლებებს, წარმოუდგენელია, როგორ უნდა დაიცვას მან სხვისი უფლებები”, - აცხადებს გიგინეიშვილი.