საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ ქსნის ტუბზონიდან „რეზბალნიცაში“ გადაყვანილ ექვს პატიმარს: კოტე სალემიანს, რეზო ხარძიანს, ზაზა შიუკაშვილს, ლერი გირგვლიანს, გიგა ლომთათიძესა და ბადრი პატარაიას (რომლებსაც სხეულზე დაზიანებები აქვთ მიყენებული), თუ უკან, ტუბზონაში არ დააბრუნებენ, გადაწყვეტილი აქვთ, მშვიდობიანი პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართონ.
პატიმრებმა ადვოკატებთან საუბრისას განმარტეს, რომ აქვთ ტუბერკულოზის მულტი-რეზისტენტული ფორმა, აქტიური ფაზა, ანუ ქრონიკული ტუბერკულოზი, რაც ნიშნავს, რომ ეს დაავადება შეიძლება გადაედოთ იმათ, ვისთან ერთადაც საკანში არიან.
პატიმრებს, თუ მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, შიმშილობის დაწყება აქვთ დაგეგმილი. ექიმების აზრით, ეს თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან ასეთი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ორ-სამ დღეზე მეტი ხნის შიმშილობა უკვე სიკვდილის ტოლფასია.
პატიმრები ამბობენ, რომ „დახურულ სივრცეში და ისეთ პირობებში ყოფნა, სადაც არც ამანათი შემოდის, არც რძის ნაწარმი და არც ჰაერია, ფაქტიურად სიკვდილს ნიშნავს და ნელ სიკვდილს გვირჩევნია, ეს პროცესი დავაჩქაროთო“.