სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით პარიზში გაემგზავრა

1-ministr-sam-2საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ მანუელ ვალსთან. შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება საფრანგეთსა და საქართველოს შორის ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა. აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ლეგალურ მიგრაციას და საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების დამატებით შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ევროპული საქმეების მინისტრ ტიერი რეპენტინს. შეხვედრის ფარგლებში მინისტრები საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ჩარჩოებით აღებული ვალდებულებების შესრულებასა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. მინისტრი ფრანგ კოლეგებს, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გააცნობს.