ირაკლი ალასანია: „ჩვენს ინტერესშია რუსეთთან ღია სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები“
საქართველო, 7 ნოემბერი,
საქინფორმი. თავდაცვის მინისტრის
ირაკლი ალასანიას განცხადებით, რომელიც მან ფრანგული საინფორმაციო ტელეარხის „France 24“-ის ეთერში გააკეთა, საქართველოს ახალმა მთავრობამ პრემიერ მინისტრ
ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გადაწყვიტა, რომ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა ჰქონდეს.
„კარგად გვესმის, რომ რუსეთი არ შეიცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ან ნატოში გაწევრიანების პოლიტიკის მიმართ. ჩვენს ინტერესშია რუსეთთან ღია სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები, რაც პოლარიზების შემცირებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ალასანიამ. ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებითაა დაინტერესებული, მაგრამ ამავე დროს რუსეთის მიერ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება. „გასულ თვეებში განხორციელებული საზღვრის გადმოწევა, მავთულხლართების გავლება თუ ოჯახების დაშინება – ეს ნამდვილად ძველ, „ცივი ომის“ დროინდელ მიდგომას ჰგავს. ჩვენ გვსურს ეს დამთავრდეს. სწორედ ამიტომ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა გვმართებს, რაც, ვფიქრობთ, რომ შედეგიანი იქნება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მკაფიოდ განმარტა, რომ საქართველო რეგიონის ქვეყნებსა და რუსეთს კიდევ ერთი კონფლიქტის ესკალაციის საბაბს არასდროს მისცემს, თუმცა ქვეყანა მზადაა თავდაცვისთვის.