საზოგადოება
დავით ნარმანიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

1narmania-saz-1საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სააგენტო „რეპორტიორის“ პრესკლუბში ჟურნალისტებს შეხვდა. საუბარი შეეხო სამინისტროს ეგიდით განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და იმ რეფორმებს, რომელთა განხორციელება მომავალი წლიდან იგეგმება. განსაკუთრებული ყურადღება მინისტრმა თვითმმართველობის კოდექსზე გაამახვილა.

„ახალი რეგულაციები, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ შევა ძალაში, მოგვცემს აბსოლუტურად განსხვავებულ თვითმმართველობას, არა ისეთს, როგორიც ახლაა, არამედ რეალურს, როცა თვითმმართველობა და მოსახლეობა ახლოს იქნებიან ერთმანეთთან და ერთად გადაწყვეტენ საჭირბოროტო საკითხებს, - განაცხადა დავით ნარმანიამ, - სწორედ ასეთ სივრცეში მოხერხდება ადგილობრივი სერვისების ეფექტიანად მართვა და ნამდვილი დეცენტრალიზაცია“.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საჩხერედან რაჭისკენ მიმავალი გზის მშენებლობასაც, რისი პირობაც პრემიერმა მოსახლეობას მისცა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით სამუშაოები დაწყებულია, მომავალ გზაზე პირველმა ტრაქტორმა უკვე გაიარა და უახლოეს ხანებში შესაბამისი პროექტის განხორციელებაც დაიგეგმება.