შინაგან საქმეთა მინისტრი საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს ეწვია
საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს ეწვია. მინისტრმა სამმართველოს უფროს ნუგზარ სუჯაშვილთან და აშშ-ის საელჩოს უფროს მრჩეველთან პოლიციის საკითხებში მაიკლ ტერნერთან ერთად ტერიტორია დაათვალიერა და სიახლეებს გაეცნო. საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში რებრენდინგი განხორციელდა, სამმართველოს გადაეცა ახალი „შკოდას“ და „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის 13 ავტომანქანა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ახალი დიზაინის ფორმები, ჩანთები და მუშაობისთვის საჭირო სპეციალური ხელსაწყოები მიიღეს. სამმართველოს ასევე გადაეცა 90 ახალი კომპიუტერი, ფოტო და ვიდეოაპარატურა. ფონოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზისთვის შეძენილია სპეცკომპიუტერები და ახალი პროგრამები. შეიქმნა
კომპიუტერული ექსპერტიზის განყოფილება, რომელიც ციფრულ დანაშაულს გამოავლენს. დაინერგა
ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა (პიროვნების სახით ამოცნობა). ასევე შეძენილია ახალი დაქტილოსკოპიური სკანერები, რომლითაც შესაძლებელია არა მარტო თითის, არამედ მთლიანად ხელის ანაბეჭდის აღება.
შეძენილია ავტომატიზებული ფოტოპანორამული აპარატები, რომლის მეშვეობით შემთხვევის ადგილზე პანორამული გადაღება ავტომატურად ხდება. ე. წ. ბიომარიხუანის გამოსავლენად შეძენილია სწრაფი ტესტები და სტანდარტული ნიმუშები ნარკოტიკის რაოდენობის განსაზღვრისათვის. ცენტრალური ექსპერტიზის სამმართველოსთვის შეძენილია ბოლო თაობის აპარატურა (გაზური და სითხური ქრომატომასსპექტრომეტრები), რომელიც ნარკოტიკულ, ასაფეთქებელ, მომწამვლელ და სხვა ნივთიერებებს იკვლევს. ერთი ასეთი აპარატი სამმართველოს აშშ-ის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურომ (INL) საჩუქრად გადასცა. გარდა ამისა, INL-ს ხელშეწყობით, კინოლოგიის სამსახურის შენობის სარემონტო და სამშენებლო კაპიტალური სამუშაოები მიმდინარეობს. ISO-ს (საერთაშორისო სერტიფიცირების ორგანიზაცია) მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა ხარისხის კონტროლის სამმართველო და საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კანცელარია 24–საათიანი მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ბალისტიკური ექსპერტიზისთვის ახალი ავტომატიკური სისტემის დანერგვა იგეგმება 3 სამუშაო სადგურითა და სკანერით. აეროპორტში დაქტილოსკოპიური სკანერი და ჰაბიტოსკოპიური პროგრამა დამონტაჟდა, რომელთა საშუალებით დეპორტირებული პირების შემოწმება ხდება საზღვარზე გადასვლის გარეშე. გარდა ამისა, ექპერტ-კრიმინალისტებმა და კინოლოგებმა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით აშშ-სა და თურქეთის რესპუბლიკაში ტრენინგები გაიარეს.