საზოგადოება
საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. ვანო მერაბიშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ნოემბრისთვის გადაიდო, მანამდე ყოფილი მაღალჩინოსნის უფლებების დამცველებმა პროკურორების აცილება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დღევანდელ პროცესზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა თავად ყოფილი შს მინისტრი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე.„ამ რეფორმებს უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია და ათასობით მაშინდელმა პოლიციელმა, იშვიათ შემთხვევებში უსამართლოდაც, დაკარგეს სამსახური, სოციალური სტატუსი და სხვა სიკეთე. თუმცა, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, რომელიც შევარდნაძის ეპოქას თან ახლდა, ჩვენ არც ერთი პოლიციელი შევარდნაძის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის, ხაზს ვუსვამ - არც ერთი, პასუხისგებაში არ მიგვიცია. ეს იყო ჩვენი პოლიტიკა“, - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მის გუნდს განაჩენი ისტორიამ უკვე გამოუტანა.
„წლების შემდეგ არავის ემახსოვრება არც პროკურორის სიტყვა, არც პროკურორის ბრალდება, არც მოწმეების ჩვენებები, არც ჩემი დაცვის არგუმენტები და არც მოსამართლის განაჩენი. ჩვენს საქმიანობას შეაფასებენ ძალიან მოკლედ - „ჩვენამდე“ და „ჩვენ შემდეგ“, - განაცხადა მერაბიშვილმა, რომელიც სიტყვის დასრულების შემდეგ დარბაზში მყოფებმა ტაშით დააჯილდოეს.