აქტუალური
მარგველაშვილის ინაუგურაციაზე სააკაშვილს და შევარდნაძეს მიიწვევენ

1inauguraciaze-akt-3საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. 17 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე მიწვეული იქნებიან მიხეილ სააკაშვილი და ედუარდ შევარდნაძე, ასევე პარლამენტი სრული შემადგენლობით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

„27 ოქტომბერს საქართველომ ნამდვილი ევროპული სტანდარტის არჩევნები ჩაატარა, შესაბამისად, ინაუგურაციაც ნამდვილი ევროპული სტანდარტებით ჩატარდება. ევროპის დიდ ქვეყნებშიც კი ინაუგურაციის ცერემონიალი ხშირად პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმართება. სამწუხაროდ, თბილისში ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, ამიტომ ვიპოვეთ ოპტიმალური ვარიანტი, რომ ჩატარდეს ინაუგურაცია იქ, სადაც ეს დიდი თანხა არ დაჯდება და ასევე არ მოხდება ქალაქის პარალიზება რამდენიმე დღით და ეს ჩატარდება პარლამენტის შიდა ეზოში, თბილისში“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ინაუგურაციაზე მოსაწვევი საგარეო საქმეთა სამინისტრომ 70-ზე მეტ ქვეყანას გაუგზავნა. თუმცა ღონისძიებას არ დაესწრება რუსული დელეგაცია, რადგან ამ ქვეყანასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, პარლამენტის ეზოში ცერემონიალის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს. გარდა ამისა, დაგეგმილია საზეიმო კონცერტი.

„ამ ინაუგურაციაზე დაიხარჯება ყველაზე ნაკლები თანხა, რაც კი ოდესმე დახარჯულა", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.