აქტუალური
მიხეილ სააკაშვილი: „რუსეთმა ვერაგულად დაარღვია სარკოზი-მედვედევის შეთანხმება!“

1parisსაქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. პარიზში მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იყო. მიხეილ სააკაშვილმა და ნიკოლა სარკოზიმ ყურადღება სამომავლო პოლიტიკურ გეგმებსა და ურთიერთობაზეც გაამახვილეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრა ნაციონალური ასამბლეის წევრებთანაც გამართა.
სარკოზი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ცოცხალი და მოქმედი სიმბოლო. მაშინ, როცა ხელი მოაწერეს სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას და ჩვენ ამ პროცესში ვმონაწილეობდით, ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ბოლომდე დაცული. პრობლემა ის არის, რომ თუ გასული წლის ოქტომბრამდე სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას ევროპელები და ამერიკელები რუსეთს, პრაქტიკულად, ყოველ კვირას ახსენებდენ, 1 ოქტომბრის შემდეგ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა ამ შეთანხმებაზე ლაპარაკი და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც მაშინვე შეწყვიტეს ამ ხელშეკრულების დაცვაზე საუბარი. ამიტომ ჩემი მეგობრული რჩევაა და, ვფიქრობ, ამას გაითვალისწინებენ კიდეც, რომ ეს შეთანხმება მუდმივად ვახსენოთ. რუსეთმა ვერაგულად დაარღვია შეთანხმება და ყოველდღიურად არღვევს მავთულხლართების გადმოწევითა და ჯარების კონცენტრაციით, მაგრამ საბოლოოდ, მას მოუწევს ამ ხელშეკრულების დაცვა.

ჩვენ ვემზადებით ვილნიუსის სამიტისთვის და ამ სამიტამდე კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყნის მოვლას ვაპირებ. მაქსიმალურად ბევრი უნდა მივიღოთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.