პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

1vstretilsya-pol-3საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასტუმრო „თბილისი მერიოტში“  ეუთოს  სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მატეო მეკაჩს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს და ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ერმუჰამეტ ერტისბაევს შეხვდა.

დიპლომატებთან შეხვედრაზე ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა წინასაარჩევნო გარემო, ევროპული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნები და ნოემბრის ბოლოს დაგეგმილი ვილნიუსის სამიტი განიხილა.

გიორგი მარგველაშვილმა მედიასთან დიპლომატებთან შეხვედრა შეაფასა და ვილნიუსის სამიტს საქართველოსთვის ისტორიული უწოდა: „ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველომ მოახერხა დემოკრატიის კონსოლიდაცია, ჩატარდა უპრეცედენტოდ ევროპული არჩევნები, განხორციელდა და კიდევ მიმდინარეობს არაერთი რეფორმა, რომელიც მოახდენს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ ოჯახთა ჯგუფში. ამ მხრივ ასოცირების ხელშეკრულება, ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და სავიზო ხელშეკრულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ამით ხდება ინსტიტუციურად იმის აღიარება, რომ ჩვენ უკვე ვდგავართ ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბების გზაზე. ამდენად, ვილნიუსის სამიტი არის ისტორიული, უმნიშვნელოვანესი. მას მოჰყვება ძალიან რთული მუშაობა ერთი წლის განმავლობაში და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 2014 წლის სექტემბრისთვის უკვე ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს", - განაცხადა გიორგი  მარგველაშვილმა.