პუბლიკაციები
„სააკაშვილი აპირებს გარშემო შემოიკრიბოს დამნაშავეთა ახალი ჯგუფი, რომლებსაც ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის გამოიყენებს!“ - „ნაციონალური მოძრაობა“ 2 ნაწილად გაიყოფა - კონსტრუქციულებად და რადიკალებად

sa-2-planiruetსაქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში განხორციელებული შეწყალებები, სარეზერვო ფონდის წინსწრებით ხარჯვა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარლამენტში თუ მის გარეთ გაკეთებული მუქარის განცხადებები ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი აპირებს გარშემო შემოიკრიბოს დამნაშავეთა ახალი ჯგუფი, რომლებსაც ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის გამოიყენებს.

დამაფიქრებელია ასევე ის გარემოება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად მიხეილ სააკაშვილი მარტო მივიდა, რაც მისი მხრიდან მოვალეობის მოხდას ნიშნავდა. მისი ოჯახი, რომელიც აქტიურად იღებდა ყველა არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ კიდევ ქვეყნის პირველი ლედი საარჩევნო უბანზე არ გამოჩენილა. ამას დაემატა პრეზიდენტის სატელევიზიო განცხადება, ქვეყნის დატოვება და ცარიელი სარეზერვო ფონდი.

შესაძლებელია, პრეზიდენტი ინაუგურაციამდე და მას მერეც ქვეყანაში აღარც დაბრუნდეს, რადგან შესაწყალებლები უკვე შეიწყალა. სავარაუდოა, რომ მათ სიას ბაჩანა ახალაიაც მიემატოს. შესაძლებელია, მისი ვიზიტი ქვეყნის გარეთ თავშესაფრის ძებნას და გარედან ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის მზადებას უკავშირდებოდეს.

საზოგადოებას შევახსენებთ პარლამენტის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილის და ყოფილი ელჩის, კახა ლომაიას მუქარას, რომელიც 2-3 დღის წინ გავრცელდა. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა გაიყოფა 2 ნაწილად - კონსტრუქციულებად და რადიკალებად, რისი ნაბიჯებიც უკვე შეიმჩნევა. კონსტრუქციულებში შესაძლოა გაერთიანდნენ უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძის „მიმდევრები“, ასეთები შესაძლოა იყვნენ გიგი წერეთელი, მიხეილ მაჭავარიანი, გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ბარამიძე და ა.შ. ეს პიროვნებები ახალი ნაციონალური მოძრაობის“, ანუ გაწონასწორებული პარტიის იმიჯის ჩამოყალიბებას შეეცდებიან.

რადიკალებში კი, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას, ჩიორა თაქთაქიშვილს, ნუგზარ წიკლაურს, აკო მინაშვილსა და კაკო ბობოხიძეს ვიხილავთ. რა თქმა უნდა, ეს გადანაწილება სტრუქტურული არ იქნება და „იატაკქვეშ“ იარსებებს.

მივმართავთ ფინანსთა მინისტრს - გამოიძიოს პრეზიდენტის ფონდის ხარჯვის მიზნობრიობა, თუ რა მიზნებს მოხმარდა 10 თვეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი. ასევე, განხორციელდეს მოკვლევა, რა თანხები იქნა გადარიცხული ან სხვა ფორმით გატანილი ქვეყნიდან პრეზიდენტის ან მასთან დაახლოებული პირების მიერ. მოკვლეულ იქნეს ვიზიტის მიზეზები და პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტი. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ სამართალდამცავმა ორგანოებმა, რათა შეწყალებულთა მხრიდან არ მოხდეს ფარულ ანტისახელწიფოებრივ გარიგებებში მონაწილეობა.