საზოგადოება
საქართველოს პირველი ლედი საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე - ნუნუ თამაზაშვილი იქნება

ledi-mtსაქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საქინფორმის პროგნოზი გამართლდა - 2013 წლის 2 ნოემბერს, 15:30 საათზე,  თბილისში, პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრად ახლანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენისას მისი პირადი თვისებების გარდა მის ოჯახზე -  ერთგულ მეუღლეზე ნუნუ თამაზაშვილზე ისაუბრა და ყველაზე მძიმე დრო გაიხსენა, როცა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი - პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი შეთითხნილი ბრალდებით, სამარცხვინოდ ორგანიზებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს და დააპატიმრეს.

„თქვენ იცით, რომ ახალი კონსტიტუციით, რომელიც 17 ნოემბრის შემდგომ, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდგომ გვექნება, როცა ჩვენ გვეყოლება ახალი და ღირსეული პრეზიდენტი, უმაღლესი ხელისუფალი იქნება პრემიერი. პრემიერს ექნება ყველაზე დიდი ძალაუფლება. ქვეყნის პირველი პირი იქნება პრემიერ-მინისტრი. მე გავიხსენებ არჩევნების პერიოდს და გავიხსენებ მის ოჯახსაც. მას ჰყავს ძალიან კარგი მეუღლე, კარგი ოჯახი. სკოლის მერხიდან უყვართ მას და მის მეუღლეს ერთმანეთი. ეს ჩემთვის უნიკალურია და ასეთი პირველი ლედი გეყოლებათ. ძალიან ღირსეული პირველი ლედი ეყოლება საქართველოს, ძალიან ტრადიციული ოჯახის შემქმნელი და ძალიან დამსახურებული. და კიდევ ერთს გავუსვამდი ხაზს, რაც უნიკალურია ჩემთვისაც კი, რომ ირაკლის მშობლები, სიდედრი და სიმამრი, როგორც წესი, ერთად ისვენებენ, შვებულებას ერთად ატარებენ. თქვენ იცით, მე გართულება მაქვს ოჯახზე და ძალიან მიხარია, რომ ირაკლი აქაც ძალიან კარგია.

გავიხსენებდი, როგორია ჩვენი პირველი ლედი. მე მახსოვს, როცა განცხადება გავაკეთე პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, პირველი დაიჭირეს ნუნუკას მამა, თამაზ თამაზაშვილი. მახსოვს, მე და ირაკლის როგორი რთული დღეები გვქონდა. დაიჭირეს მხოლოდ იმიტომ, რომ ირაკლი უნდა წამოსულიყო, ჩემს გვერდში არ უნდა დამდგარიყო. ირაკლის, რა თქმა უნდა, ეჭვი არ შეჰპარვია და წარბიც არ შეუხრია, მაგრამ მე დაჟინებით ვეუბნებოდი, რომ ეს არის შენი მეუღლის მამა და ქალებს თავისი პოზიცია აქვთ და მე მინდა იქაც პირნათელი ვიყო და ვაიძულე ირაკლი, რომ მაინც სახლში მისულიყო. ესეც არ ვიკმარე და ტელეფონით დავურეკე. ასეთი მდგომარეობა იყო: ოჯახში რეკავდნენ და ეუბნებოდნენ, როდესაც გაიგებ, რომ მამაშენი გულით გარდაიცვალა ციხეში, იმ საღამოს შენს მეუღლესაც წავიყვანთო. ეს როდესაც შევახსენე და ვუთხარი, მე მესმის, რამდენად რთულ მდგომარეობაში ხარ, პასუხი ასეთი მივიღე: თუ საჭიროა და თუ მე რამეში გამოვდგები, მეც დავდგები და ასეთი ზარებით არ შევშინდები და მე ჩემი საშობლოს სამსახურში ჩავდგები”, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

ledi-1 ledi-2
ledi-3 ledi-4
ledi-5 ledi-6