საზოგადოება
როგორ გაიცნო ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი: “ფრანგები მეუბნებოდნენ - ვინ არის ეს კაცი, გვაჩვენეთ და იქნებ ჩამოვიდეს საფრანგეთში?! ჯერ ასეთი ფრანგული საიდან იცის და მერე ესეთი ვაჭრობა როგორ ისწავლა?!“

gaicno-saz-2საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საქინფორმის პროგნოზი გამართლდა - 2013 წლის 2 ნოემბერს, 15:30 საათზე,  თბილისში, პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრად ახლანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტზე წარდგენისას მის პირად თვისებებზე, მენეჯერის და ბიზნეს გამოცდილებაზე ილაპარაკა.

„ირაკლის ბიზნესის გამოცდილებაც აქვს, ეკონომიკაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. კარგი მენეჯერია, ირაკლი გავიცანი, სავაჭრო დეპარტამენტში იყო, მე მგონი, როცა პირველი „ვერტალიოტი“ ვიყიდე ფრანგული და ფრანგები ისეთ დღეში ჩააგდო - ასე არასდროს გაეყიდათ „ვერტალიოტი“, რომ ვინ არის ეს კაცი, გვაჩვენეთო, მეუბნებოდნენ. ჩამოვიდეს საფრანგეთშიო, ჯერ ასეთი ფრანგული საიდან იცისო და მერე ასეთი ვაჭრობა როგორ ისწავლაო. ამის შემდგომ მივაქციე ირაკლის ყურადღება და უკვე დიდი ხანია ვიცნობ. ირაკლი არის ძალიან პრაქტიკული ამავდროულად, და საერთოდ, ძალიან მაგარი გუნდი გეყოლებათ.

ირაკლიმ ყველაზე რთული პერიოდი გადაიტანა. ირაკლის ოჯახზე იყო ყველაზე დიდი ზეწოლა და არჩევნების პროცესშიც ირაკლის ჰქონდა ყველაზე სარისკო და რთული პოზიცია და იქაც იდეალურად გაართვა თავი. შტაბის წევრი იყო ირაკლი, საფინანსო პოლიტიკას უყურებდა და იქ აბსოლუტურად დალაგებული ჰქონდა ყველაფერი. ეს არ იყო მარტივი იმ სიტუაციაში, თქვენ გახსოვთ, როგორი სიტუაცია იყო არჩევნების პროცესში, როგორი ზეწოლა იყო, როგორ გვაკონტროლებდნენ და იქ გადახვევა, ერთი უკანონობაც რომ ყოფილიყო, ამაზე იქნებოდა ძალიან დიდი ზეწოლა და პასუხის მოთხოვნა“, - განაცხადა პრემიერმა ივანიშვილმა.