საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: „ყველას გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ განვაგრძო ის პოლიტიკა და მშენებლობის გზა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებდა!“ - რა ქონებას ფლობს 31 წლის მომავალი პრემიერი, რომელიც მთავრობაში დიდ ცვლილებებს არ აპირებს

sa-1-axali-premierსაქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საქინფორმის პროგნოზი გამართლდა - 2013 წლის 2 ნოემბერს, 15:30 საათზე,  თბილისში, პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრად ახლანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

„ბატონი ირაკლის ადგილს დაიკავებს ის, ვისაც გადაწყვეტს ბატონი ირაკლი. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, მეკითხება, რა თქმა უნდა, მაგრამ მან ძალიან ბევრი იცის ამ სფეროში. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი. პრემიერ-მინისტრი მიიღეთ, პირველი პირი მიიღეთ  ქვეყნის და საკმარისია ეს დღეს. უფრო გვიან მოგახსენებთ ალბათ, ვინ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი“, - განაცხადა პრემიერმა ივანიშვილმა ღარიბაშვილის წარდგენისას.

წარდგინების შემდეგ მომავალმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილს, პოლიტიკურ საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისათვის. დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა, რომ მომეცა საშუალება, ვემსახურო ჩემს ქვეყანას თქვენთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება ჩემთვის, ძალიან დიდი ნდობა და მე გპირდებით ყველას, ვპირდები მოსახლეობას, ვპირდები კოალიციას, მთავრობას, რომ გავაკთებ ყველფერს იმისათვის, რომ თქვენ მიერ დაწყებული გზა წარმატებულად გავაგრძელო. მე ვპირდები ქვეყანას, მოსახლეობას, რომ გავაგრძელებ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული მშენებლობის გზას, მის პოლიტიკას. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მთლიანად კოალიციას, საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისათვის. რაც შეეხება ჩემს შემცვლელს, მინდა გავაგრძელო კონსულტაციები და ცოტა მოგვიანებით შეგატყობინებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაცია ასე გამოიყურება:

მის სახელზე თბილისში  სამი ბინაა რეგისტრირებული: ბინა გაგარინის ქუჩაზე, ამავე ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხი, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე  ორი ბინა 170 კვ.მ  და 159 კვ.მ., მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე  ორი ავტოფარეხი.

მომავალი პრემიერის სახელზე ირიცხება ორი ავტომანქანა: Mercedes Benz, 2009, NNA-100 და Toyota Corolla, 2007, GII-100. ღარიბაშვილის სახელზე ირიცხება ასევე ნაღდი ფული 20000.00 ლარის ოდენობით.

მისი შემოსავლები, 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ასე გამოიყურება: საქველმოქმედო ფონდი “ქართუ“ - გამგეობის თავმჯდომარე _ 75000.00 ლარი; შპს “ქართული ოცნება“ - დირექტორი _ 75000.00 ლარი; სს ბანკი “ქართუ“ - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი _ 0.00 ლარი.

ღარიბაშვილის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის თვიური ხელფასი 7 875 ლარს შეადგენდა.