სამართალი
რწმენისა და აღმსარებლობის ხელის შეშლისთვის ჯარიმა დაწესდება

parlamentiსაქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. რწმენისა და აღმსარებლობის ხელის შეშლის გამო პირებს ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ,- ცვლილება ამის შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.

ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა გამოიხატება: რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან სხვაგვარ დამამცირებელ ქმედებაში, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას; ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში; რელიგიური შუღლის და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან ამგვარი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებაში; რელიგიური შენობების და სხვა სიწმინდეების წაბილწვაში, მათზე ნებისმიერი წარწერის გაკეთებაში ან მათ დაზიანებაში - პროექტის თანახმად, ასეთი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, ხოლო წლის განმავლობაში მისი განმეორების შემთხვევაში პირი 1000- დან 1500 ლარამდე დაჯარიმდება ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება.
კანონპროექტი შსს-მ პარლამენტს ივნისში წარუდგინა და პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილება.