საქართველოს პრემიერ–მინისტრი ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველო, 1 ნოემბერი,
საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული ამბასადორიალის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხს.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადაწყდა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის შექმნა, რომლის პირველი სხდომის გამართვა 2014 წლის იანვარში იგეგმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად... ჩვენ გვინდა გავააქტიუროთ მოლაპარაკებები საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თაობაზე, რაც გახდება ეკონომიკური აქტივობის, ვაჭრობისა და ორმხრივი ინვესტიციების გაზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.