საზოგადოება
თელავი-წინანდლის ახალი ხიდი ჩაინგრა, ძველი დარჩა...

xidi-saz-1საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. წუხელ თელავი-წინანდლის დამაკავშირებელი ხიდის ნაწილი ჩაინგრა. სავალ ზოლზე ამ დროს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გადაადგილდებოდა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

წუხელვე ადგილზე მობილიზებული იქნენ საპატრულო პოლიციის, საგზაო დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„მოხდა თელავი-წინანდლის დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევა. ამ წუთას მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მოძრაობა ცალმხრივად აღდგეს. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. გამომწვევ მიზეზებს რაც შეეხება, ამ დროისთვის რთულია ამაზე საუბარი. უახლოეს მომავალში შეისწავლიან“, - განაცხადა თელავის გამგებელმა აკაკი საჩიშვილმა. მისივე თქმით, აღდგენითი სამუშაოები ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

შესაბამისმა კომისიამ ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დილიდან დაიწყო და შედეგები დაახლოებით თვე-ნახევარში გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება ცალმხრივად აღდგენილია.