პარლამენტი დღეს შეჩერებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს
საქართველო, 31 ოქტომბერი,
საქინფორმი. პარლამენტი დღეიდან პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლასა და კონსტიტუციური კვორუმის გამარტივებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს.
საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხების გასატანად ხმები უმცირესობიდანაც სჭირდება და იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლის საკითხს მომხრეები უმცირესობიდანაც გამოუჩნდება.
რაც შეეხება საკონსტიტუციო კვორუმთან დაკავშირებულ პროექტს, ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შედის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით კონსტიტუციის გადასინჯვისთვის საჭიროა ხმების 3/4.
ასევე იზრდება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის დადგენილი კვორუმი. უმრავლესობა კონსტიტუციიდან შესაბამისი მუხლების ამოღებასა და დღეს მოქმედი პროცედურების ძალაში დატოვებას გეგმავს. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე ორივე საკონსტიტუციო პროექტს განიხილავს და, სავარაუდოდ, მათ უახლოეს სესიაზე წარადგენს.