საზოგადოება
საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ მალხაზ მერლანს და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილეს, პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძეს უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებმა პრემიერ-მინისტრს, ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის სახელით სიმბოლური საჩუქარი - საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცეს. ქართული დროშა ISAF-ის მისიის შესრულებისას ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზაზე ფრიალებდა. ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი ოთხი თვის განმავლობაში მისივე ბრიგადის 33-ე ბატალიონის სამხედროებთან ერთად ავღანეთში იმყოფებოდა და სამშობლოში მათთან ერთად დაბრუნდა. პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართული კონტინგენტის უფროსი სამხედრო წარმომადგენლის რანგში 2012 წლის აგვისტოდან 2013 წლის ოქტომბრამდე იმყოფებოდა.