რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „პრემიერ ივანიშვილის საყურადღებოდ: საპრეზიდენტო არჩევნებზე დაბალ გამოცხადებაში მთავარი დამნაშავეა – სს „თელასი“, ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო“

poli-1-red-arnoა.წ. 28 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სასტუმრო „რედისონში“, სავსებით სამართლიანად აღნიშნა, რომ 27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, მოწოდებების მიუხედავად, არ მივიდა – მინიმალურად მივიდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, იმ დროს, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი მხარდამჭერების 100–პროცენტიანი გამოცხადება უზრუნველყო.

 

 არადა, პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურს, აპარატს და მრჩეველებს ნაკლები რომ ეფიქრათ საკუთარ კარიერაზე ივანიშვილის წასვლის შემდეგ, და თავიანთი პირდაპირი სამსახურებრივი მოვალეობები შეესრულებინათ – თვალი ედევნებინათ მოვლენებისთვის, საკუთარი ხალხის ცხოვრებით ეცხოვრათ, მეტი ეკითხათ და გაეანალიზებინათ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ხელი შეეწყოთ პრემიერთან ინფორმაციის მიწოდებისთვის და არ დაებლოკათ ის კონიუნქტურული მოსაზრებებით – კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეთა დაბალი გამოცხადების წინასწარ განჭვრეტა და თავიდან აცილება შესაძლებელი იყო!

მე, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა, მრავალჯერ გავაფრთხილე საბოტაჟის შესახებ, რომელიც საქართველოში გასულ წელს დაიწყო – მაშინვე 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგად პარლამენტსა და მთავრობაში უმრავლესობა ახალი პოლიტიკური ძალით დაკომპლექტდა.

საბოტაჟი იყო:

– საქართველოს ყველა მსხვილი ტელეკომპანიის საქმიანობა  – „რუსთავი 2“–ის, „იმედის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ – „ტვ 9“–ისაც;

– ქართველი „პოლიტოლოგების“ საქმიანობა, რომლებითაც დაკომპლექტებულია ე.წ. ექსპერტთა კლუბი;

– კომპრომატები კოალიციის და პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ;

– ერთდროულად დაწყებული და ასევე უცბად შეწყვეტილი ცრუ ზარები პარლამენტში, ტელეკომპანიებსა და სკოლებში ბომბების არსებობის შესახებ;

– ყოველდღიურ ტრადიციად ქცეული გაუგებარი ღამეული სალუტები თბილისში, რომელთა ხმას ცეცხლსასროლი იარაღიდან ნამდვილი სროლის, საარტილერიო კანონადის და ხელყუმბარების აფეთქებისაგან ვერ გაარჩევ;

– ფილმები „თალიბების ჯიჰადზე ქართველი ჯვაროსნების წინააღმდეგ“, რომელთა გამოჩენა „უცნაურად“ დაემთხვა ავღანეთში ქართველი კონტინგენტის დისლოკაციის ბაზებზე ორ თავდასხმას და ISAF–ის ოპერაციაში მონაწილეობის დროიდან უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით ქართველი ჯარისკაცების დაღუპვას და დაჭრას;

– მერაბიშვილის ჰაკერების მრავალრიცხოვანი კიბერდანაშაულები, მათ შორის – როგორც პირადი ინტერნეტრესურსების (ელექტრონული ფოსტა, სკაიპი, სოციალური ქსელები), ისე ოფიციალური საიტების გატეხა მათი ინფიცირება–განადგურების მიზნით (მათ შორის – საქინფორმის საიტის www.saqinform.ge);

– „კოჭლი იხვი“ სააკაშვილის მიერ ათიათასობით მსჯავრდებულის (მათ შორის – მკვლელებისა და მოძალადეების) ზედ არჩევნების წინ  „ბითუმად“ გათავისუფლების ფაქტი, რაც დღემდე გრძელდება.

საბოტაჟის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი გამოყენებული იქნა ექსმმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის – „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, და ყველა მათგანმა მიზანს მიაღწია, რადგან უპასუხოდ – გამოუძიებელი და დაუსჯელი დარჩა.

დღეს მე კიდევ ერთხელ დავასახელებ საბოტაჟის ერთ–ერთ ყველაზე სერიოზულ მეთოდს, რომლის შესახებ ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფმა სააგენტო საქინფორმმა მრავალჯერ, თუმცა ამაოდ გააფრთხილა ივანიშვილის მთავრობა, რაც საქართველოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის უკიდურესად დაბალი გამოცხადების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

საქართველოს და მისი დედაქალაქის მცხოვრებლებს უნდა შეემჩნიათ, რომ უკვე ერთი წელია, ივანიშვილის მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მთელ ქვეყანაში და განსაკუთრებით – თბილისში მოსახლეობის ელექტრო და წყალმომარაგებაში გამუდმებული შეფერხებები დაიწყო.

„ისევ შევარდნაძის დრო დაბრუნდა! სააკაშვილის დროს 24–საათიანი მოწოდება გვქონდა, ივანიშვილმა კი ისევ გრაფიკში ჩაგვსვა! მეტს რას უნდა ელოდე მინისტრი–ფეხბურთელი კალაძისგან, რომელსაც ენერგეტიკის არაფერი გაეგება?! „მეოცნებეები“ არჩევნებზე დახარჯულ ფულს თურქეთსა და რუსეთში ელექტროენერგიის გაყიდვით  იბრუნებენ!“ – აი, რა ბინძური ჭორები ვრცელდებოდა ხალხში და ისინი მჭიდროდ ჩაებეჭდა გონებაში ამომრჩევლებს, რომლებმაც ხმის მიცემა არ ისურვეს, რადგან საამისოდ რეალური საფუძველი ჰქონდათ: დიახ, უკვე ერთი წელია, რაც ელექტროენერგია და უფრო იშვიათად – წყალი მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება!

აუწყეს თუ არა პრემიერ ივანიშვილს ეს ფაქტი, რომელზეც საქინფორმმა არაერთხელ ატეხა განგაში?! იცის თუ არა ბატონმა ბიძინამ, რომ სახლებში დავითაშვილის ქუჩაზე – ორ ასეულ მეტრში მისი რეზიდენციიდან მთაწმინდაზე, რომლებსაც ის ყოველდღე სულ ცოტა ორჯერ ჩაუვლის – არც სინათლეა და არც წყალი?! უეჭველია, არ აუწყეს, არა, არ იცის!

ამიტომ ამ ამომრჩევლების დადანაშაულება არ შეიძლება – კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მათ „დიდი მადლობა!“ უნდა უთხრას იმისათვის, რომ ეს წესიერი ადამიანები, ბიძინასადმი მადლიერების ნიშნად – მიშტლერის სააკაშისტებისგან გათავისუფლებისთვის – უბრალოდ, არჩევნებზე არ მივიდნენ. არადა, შეეძლოთ მისულიყვნენ და ბაქრაძისთვის მიეცათ ხმა...

დასასრულ – კონკრეტული მაგალითი: რამდენიმე თვის წინ, ქალაქელების – თბილისის ნუცუბიძის ფერდობის (განსაკუთრებით – მე–5 მიკრორაიონის) მცხოვრებთა მრავალრიცხოვანი ჩვენს რედაქციაში ზარების შემდეგ, რომლებიც ელექტროენერგიის გამუდმებულ „ავარიულ“ გათიშვაზე ჩიოდნენ (მინიმუმ – კვირაში ორჯერ, მინიმუმ – მთელი დღით), საქინფორმმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ დახმარებოდა ივანიშვილის მთავრობას და თვითონ გარკვეულიყო მოჯადოებულ „ბერმუდის სამკუთხედში“: სს „თელასი“ – ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა: სს „თელასიდან“ ქუთაისში გაგვაგზავნეს, ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, სადაც დარეკვა უფრო რთულია, ვიდრე ბერმუდის კუნძულებზე!

(რატომ უნდა ვრეკოთ ქუთაისში, როცა თბილისში შუქი ქრება?! რატომ უნდა მიატოვონ პარლამენტარებმა საქართველოს ყოველი კუთხიდან თავიანთი ოჯახები და ამომრჩევლები და პარლამენტში ქუთაისში იარონ?! რატომ ჩივის მერაბიშვილი, რომ გზაში მოკვდება, თუ სასამართლო პროცესზე ყოველ ჯერზე თბილისიდან ქუთაისში ატარებენ?! სააკაშვილს შესჩივლეთ, ბატონო გენერალურო ნაციონალო ვანო! დღეს თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდა ის, რაც თქენ და თქვენმა ნაცპარტიამ ქართველ ხალხს მოუმზადეთ!).

მაგრამ საქინფორმმა ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში არა მარტო დარეკა, არამედ წერილიც გამოაქვეყნა (ანუ ეროვნულ კომისიაში ჩვენი ღია წერილი–საჩივრის ინტერნეტ–მისამართები გაგზავნა), მაგრამ... დენი ისევ ითიშება (მაგალითად – გუშინ, 29 ოქტომბერს, ისევ ნუცუბიძის ფერდობის მე–5 მიკრორაიონში და ისევ – მთელი დღით!) და საქინფორმს არავინ უპასუხა, ზომები არავინ მიიღო, რაც თავიდანვე ვიეჭვეთ ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი ქალბატონის ხმის ზანტ–მდიდრული ტემბრის მიხედვით, რომელმაც ენერგეტიკის სამინისტროში გადაგვაგზავნა!

ამ დროს კი „ნაციონალები“ რევანშისთვის ემზადებიან...

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2013 წლის 30 ოქტომბერი