საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი.
ევროკომისიის პრეზიდენტის ბ-ნ ჟოზე მანუელ დურაუ ბაროზუს შეტყობინება ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს
ბატონო პრეზიდენტო,
მინდა მოგილოცოთ გამარჯვება კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში.
ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უჩვენა დემოკრატიული პროცესებისადმი თავისი ერთგულება და გამოხატა საკუთარი რწმენა თქვენდამი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მიმართ. ევროკავშირის სახელით მსურს გისურვოთ ყოველგვარი წარმატება ამ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის შესასრულებლად.
ევროკავშირს დიდი იმედი აქვს, რომ თქვენ შექმნით საკუთარ ხელწერას საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური ისტორიის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში შევა თქვენი ოფიციალური დანიშვნისთანავე, თქვენი ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს დაევალებათ გაუძღვნენ საკუთარ ქვეყანას ახალ გამოწვევებთან შესახვედრად. როგორც ქვეყნის ხელმძღვანელის, თქვენი მაგალითი წარუძღვება მათ თავიანთი საქმიანობისას.
თქვენი პრეზიდენტად არჩევა აგრეთვე დაემთხვა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ვილნიუსში, 29 ნოემბერს, ჩვენ საფუძველს ჩავუყრით ასოცირების ხელშეკრულებას, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის სფეროში, რაც მნიშვნელოვნად წინ წაგვწევს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით. მე იმედი მაქვს, რომ თქვენი მანდატის პერიოდში ევროკავშირი და საქართველო გადადგამენ დიდ ნაბიჯებს ამ ხელშეკრულების განსახორციელებლად და ჩვენი მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოსატანად.
იმედი მაქვს, რომ მომეცემა საშუალება, პირადად შეგხვდეთ რაც შეიძლება მალე და გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები.
ჟოზე მანუელ დურაუ ბაროზუ