სამართალი
დავით ბაქრაძე: "ვულოცავ ბატონ მარგველაშვილს გამარჯვებას და ვუსურვებ გაემართლებინოს ეს ნდობა!"

samart-3-bakraZeსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. მინდა დღესვე მივულოცო ქართველ ხალხს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება. ნათელია დღევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული. ვულოცავ გიორგი მარგველაშვილს გამარჯვებას, ვულოცავ იმ ნდობას, რომელიც მიიღო ქართველი ხალხისგან და ვუსურვებ, გაემართლებინოს ეს ნდობა გაკეთებული საქმით, - ასე გამოეხმაურა გუშინ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ეგზიტპოლების შედეგებს.

ამასთან, ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა საკუთარი გუნდის მხარდამჭერთა რიცხვის ზრდაზე.

„პრაქტიკულად, ყოველმა მეოთხე ამომრჩეველმა მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ და კონკრეტულად მე დამიჭირა. მათ ამ მამაცობისთვის და რწმენისთვის მადლობას ვუხდი. ჩვენი მხარდაჭერა იმ ფონზე მოხდა, როცა დაკავებულია ვანო მერაბიშვილი და ასობით მხარდამჭერის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამ არჩევნების შედეგებით დავამტკიცეთ, რომ ვართ და ვვითარდებით! ასევე, დავამტკიცეთ, რომ ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად ვრჩებით!", - განაცხადა დავით ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ როგორც ოპოზიციის ლიდერი, მზადაა ითანამშრომლოს მთავრობასა და ახალ პრეზიდენტთან ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე.