სამართალი
ბაჩო ახალაიას 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

samart-2-baCo

საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩ ახალაიას 2006 წლის 26-27 მარტს სასჯელაღსრულების პირველ, მეხუთე და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მომხდარ ე.წ. ციხის ბუნტთან დაკავშირებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში პროტესტი მოჰყვა.

ბაჩო ახალაიასთან ერთად ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბრალდებულები არიან მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და რევაზ ჭარბაძე. მოსამართლემ მათაც იგივე სასჯელი შეუფარდა.

თავდაცვის ექს-მინისტრის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, ახალაიას ინტერესების დამცველები მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 
მისივე განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში ადვოკატები სანდრო გირგვლიანის საქმეზე ახალი ბრალდების მიხედვით შეფარდებულ წინასწარ პატიმრობასაც გაასაჩივრებენ. 
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბაჩო ახალაია  სანდრო გირგვლიანის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.