საზოგადოება
საპრეზიდენტო არჩევნები - 2013: მარგველაშვილი - 62.4% ბაქრაძე - 21.82% ნინო ბურჯანაძე - 10.16 %

saz-1-ceskooსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო არჩევნები 2013 - ცესკოში საარჩევნო უბნებიდან შემოსული ხმების დათვლა სრულდება. ამ ეტაპზე 3741 უბნიდან დათვლილია 3537 უბანი, რაც პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის მიცემული ხმების  94.55 %-ია. სულ ამ ეტაპზე დათვლილია 1 588 479 ბიულეტენი. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველთა 62.4%-ის მხარდაჭერა მოიპოვა, დავით ბაქრაძემ 21.82%-ის,  ნინო ბურჯანაძემ - 10.16%-ის, შალვა ნათელაშვილმა - 2.88%-ის, გიორგი თარგამაძემ - 1.6%-ის, კობა დავითაშვილმა კი ხმების მხოლოდ 0.6% მიიღო.

ცესკოში მონაცემები ყოველწუთიერად იცვლება, საარჩევნო ადმინისტრაციამ რამდენიმე წუთის წინ ახალი მონაცემები მიაწოდა ჟურნალისტებს.

ცესკოს პრესპიკერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციაში  ამ დროისათვის შემოსულია სამი საჩივარი, რომელთა განხილვას ცესკო დღეიდან დაიწყებს. ეკა აზარაშვილის განმარტებით, ეს საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება და უკვე არსებულ მონაცემებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს.

„მნიშვნელოვანი დარღვევები არ ყოფილა, იყო პროცედურული დარღვევები, ცესკოში შემოვიდა სულ 3 საჩივარი. 2 საჩივარი წარმოადგინა „დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ორივე ეხებოდა სააგიტაციო წესების დარღვევას, ხოლო ერთ-ერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ – „მწვანე დედამიწამ“ მოგვმართა საჩივრით, რომელიც ეხებოდა კენჭისყრის კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღების წესების დარღვევას. დღეს ცესკოში გამართება სხდომა, კომისია იმსჯელებს და სამივე საჩივართან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

რაც შეეხება პროცედურულ დარღვევებსა და კენჭისყრის დღეს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებულ საჩივრებს, დღეს, ხვალ და ზეგ არსებობს გასაჩივრების ვადები საოლქო საარჩევნო კომისიაში“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.