პოლიტიკა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საარჩევნო პროცესი დასრულდა

politika-3-Zalebiსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მასშტაბით შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. კანონით განსაზღვრულ დროს – გუშინ, 20:00 საათზე დაიხურა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები.

პრეზიდენტის არჩევნებში სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობასთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი მედიის წარმომადგენლებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ გამართა. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების და ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოდ თავისუფალი არჩევნები. საქართველოს შეიარაღებული ძალების 70%–მა თავის ოჯახებთან ერთად გააკეთა არჩევანი საკუთარი რეგისტრაციის ადგილების მიხედვით. შეიარაღებული ძალების დანარჩენმა 30%–მა, რომლებიც, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ბაზებზე იყვნენ დისლოცირებული, სპეციალურად მოწყობილ საარჩევნო უბნებზე მისცეს ხმა მათთვის სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატს.

„დღეს შეიარაღებულ ძალებში თავისუფალმა ჯარისკაცებმა შეუზღუდავად და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი და ნება. მხოლოდ ასეთ თავისუფალ ჯარისკაცს შესწევს სამშობლოს დაცვის და მისთვის თავგანწირვის უნარი. მინდა მივულოცო შეიარაღებული ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს გამარჯვება და ამ არჩევნებით ჩვენი ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ.